კამპანია ”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“ დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს გამართა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
”პრობლემა ძალიან სერიოზულია. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ ფატალური შედეგით დამთავრებული ავტოსაგზაო შემთხვევებით და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღვემატებით” – აღნიშნა ჯავახიშვილმა.
პროექტი საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ჩქაროსნული გზის – E 60 ავტომაგისტრალის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. მისი მიზანია: E-60 თბილისი-ფოთის მაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება; სიჩქარის გადაჭარბების, არასწორი მანევრირების, უყურადღებოდ მართვის, მანქანის გადაღლილ და ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევების შემცირება; მაგისტრალზე დასახლებულ ადგილებსა და ავტობუსის გაჩერებებთან, ასევე მიმდებარედ მცხოვრები ქვეითებისათვის უსაფრთხო გადაადგილების მიღწევა.
პროექტის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრეინინგებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 მძღოლი (სატრანზიტო გადამზიდავები, საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტოტრანსპორტის მძღოლები) და მაგისტრალის მიმდებარე დასახლებებში არსებული სკოლების 1300 მოსწავლე; დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.
E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ახორციელებს.