უამრავი ჰიტის ავტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელი ნუგზარ ერგემლიძე მიიჩნევს, რომ პოპულარობას უარყოფითი მხარეები არ აქვს, ერთადერთი სანანებელი აქვს ცხოვრებაში, ზოგადად კი, ცხოვრებას მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში უყურებს.
ნუგზარ ერგემლიძე fortuna.ge-ს ესაუბრება.
ბატონო ნუგზარ, თქვენ პოპულარობის ფასი კარგად იცით, მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში. საქართველოში რა მოაქვს პოპულარობას და თქვენთვის რა მოიტანა უარყოფითი თუ დადებითი?
უარყოფითიდან დავიწყებ – ბანკს ვერ გაძარცვავ, იმიტომ, რომ გიცნობენ (იღიმის). ძირითადად, ძალიან სასიამოვნოა, სახელით რომ მოგმართავენ, როგორც შინაურს. რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როცა საზღვარგარეთ ვარ, თუ ქართველებში არ ვარ, ვისვენებ, რადგან ვერ მცნობენ. როცა ადამიანი პოპულარულია, მასზე იქმნება წარმოდგენები, მაინცდამაინც არ გაკვირდებიან, რა შეგიძლია და რას აკეთებ, თუ უცხო გარემოში ხარ, ის ინსტინქტი მუშაობს, რომ წარმოაჩინო შენი თავი და ქვეყანა. მერე იტყვიან, ეს ვინ ყოფილაო. ორივე მომენტი სასიამოვნოა.
საქართველოში პოპულარობას ფული მოაქვს?
როგორ არა?! ზოგმა ძალიან ბევრი ფული იშოვა… ზოგმა იმიტომ ვთქვი, რომ მე არ მიშოვია, თვიდან თვემდე ვშოულობ (იღიმის). კონცერტებიდან ჰონორარის გარდა, პოპულარობას მოაქვს ის, რომ გამოჩენილ ადამიანებს საქმეში შეიყვანენ, ვთქვათ, რესტორანს გახსნიან და მიგიწვევენ… მე და ჩემი მეუღლე ასე მოვხვდით სარესტორნო ბიზნესში, მოვიდოდნენ საღამოს უფულო მეგობრები და ნისიად იღებდნენ კერძებს, ორი კვირის შემდეგ აღარც პროდუქტი გვქონდა და აღარც ფული…
ბიზნესმენად ვერ შედექით მოკლედ…
აი, ასეთ დროს არის ცუდი, როცა ბევრი გიცნობს. ყველა ვეძებთ ახლობელს, სადაც შეღავათი გვექნება. პატარა რესტორანი იყო ძალიან და ძირითადად, ახლობლები დადიან. ეს იყო ჩემი წარუმატებლობა, მაგრამ კარგი იმით იყო, რომ ეს სფერო შევისწავლე. მას მერე კი გავიდა 24 წელი.
სხვა ბიზნესი ხომ არ გიცდიათ?
ორი ბიზნესმენი დავაკავშირე ერთმანეთს. მერე არაფერი… ჩემამდე არაფერი მოსულა, თუმცა ხელოვნება მაინც მეხმარება. სპონსორობას როცა გამიწევენ ადამიანები, ჩემს ნახატებს ვჩუქნი ხოლმე. თუ სადმე ნუგზარ ერგემლიძის ნახატი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ იმ კაცს ჩემთვის სპონსორობა აქვს გაწეული. ჩემი მეგობრები შემიძენენ ხოლმე ტილოს, საღებავებს და ერთ ნახატს მათაც ვჩუქნი ხოლმე.
თქვენს კარიერასთან დაკავშირებით რაიმე სინანული ხომ არ გაქვთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა?
ჩემს სიმღერებს მთელ საბჭოთა კავშირში მღეროდნენ და ის თანხა ვერ ავიღე. ეს არის სანანებელი, მაგრამ მეტი არაფერი. კი გვაქვს კარგი ბინა, მაგრამ ვიწროდ ვართ. ის თანხა წინ წაგვწევდა, თორემ ფულზე არასდროს ვჯავრობ. ფული იმისთვის მინდა, რომ ბენზინი ჩავასხა, საჭმელი ვიყიდო და დენი გადავიხადო. აი, ხვალ მაქვს მაგალითად, დენი უნდა გადავიხადო…
ანუ ფუფუნება დიდად არ გიყვართ…
როგორ არ მიყვარს?! მაგალითად, კონდიციონერი მაქვს. რას ეძახით ფუფუნებას? მოგზაურობის ფული არ მაქვს და სხვათა შორის, ჩემი ფულით არასდროს მიმოგზაურია. მპატიჟებდნენ და ისე მივდიოდი. წელს შობაზე აშშ-ში დამპატიჟეს, ბილეთი ამიღეს და გავფრინდი.
ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ცხოვრებაში მიგიღიათ…
ჩემმა ძმაკაცმა ავტომობილი „ვოლგა“ მაჩუქა.
ალბათ, იმ პერიოდში კარგი საჩუქარი იყო…
მაშინ უკვე ყველა „მერსედესით“ დადიოდა, თუმცა მაინც ის პერიოდი იყო, როცა ჯერ კიდევ საამაყო გახლდათ. ბინა არავის უჩუქებია… ფულადი საჩუქრები მიმიღია, გადაცემა რომ გამიკეთებია სადმე ან კონცერტი, დამხმარებიან. მყავს რამდენიმე გულშემატკივარი და მეგობარი. ბათუმში „ხარხარ-შოუ“ გავაკეთეთ, გვერდზე დაგვიდგნენ და შეიძინეს ბილეთები, ეს ხომ დახმარებაა?!.
პოპულარობაზე ვსაუბრობდით და პირად ცხოვრებაში არ იყო ხელისშემშლელი?
რა ხასიათიც ახლა მაქვს, ასეთივე მქონდა პოპულარობამდეც. მეგობრებსაც და მეზობლებსაც გამორჩეულად ვყავდი, ასე ვიზრდებოდი, ნელ-ნელა გიტარის დაკვრა ვისწავლე… ხშირად ვიკრიბებოდით იქ, სადაც მაგნიტოფონი არ იყო, ხალხი ცეკვავდა, კოცნაობდნენ და მე მაგნიტოფონად ვმუშაობდი, ვუკრავდი Yesterday-ს.
როგორც ვხვდები, ყველაფერს ძალიან პოზიტიურად უყურებთ. ნეგატივი თქვენგან ძალიან შორს არის. ყველა კითხვაზე ცდილობთ, დადებითად მიპასუხოთ…
საერთოდ, წუწუნი არ მიყვარს. ყველამ უნდა გაიაზროს, რა კარგია, რომ დაიბადა და ყველა ჯანმრთელი ჰყავს. მე არ მყავს ყველა ჯანმრთელი – მეუღლეს ქრონიკული დაავადება აქვს. როცა ვიბრძვით და მისი ჯანმრთელობა გამოანათებს, ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე. მყავს მეგობრები, რომლებიც გავიცანი და მას მერე არ დამიკარგავს, შევიძინე ახალი მეგობრები. საინტერესოა ცხოვრება. სულ მოლოდინის რეჟიმში ვარ, აბა, ახალი რა ვქნა და რა დავწერო. როცა პაუზა მქონდა, როცა არსად მეძახდნენ, ან ვხატავდი, ან ვწერდი, ოთხი პროზაული ნაწარმოები და სამი პიესა.
რაიმე სურვილი თუ გაქვთ, რის ახდენასაც ისურვებდით უახლოეს მომავალში?
მანქანის გამოცვლა მინდა, ხელსაყრელ ფასად ბინის შეძენა. ჩემი სურვილია, რომ ჩემი პიესა, რომელიც ახლახან დავწერე, დაიდგას თეატრში. მსურს საავტორო კონცერტის გაკეთება. მქონდა რადიოგადაცემა, „რეტროფონი“, რომლის ფარგლებშიც 30 გადაცემა მომზადდა. თავში კიდევ მაქვს 30-40 გადაცემის სცენარი. ხატვასთან დაკავშირებით გეგმები არ მაქვს, რადგან ისედაც სულ ვხატავ. ერთმა ქალბატონმა დამირეკა ამას წინათ, როგორიც გახსოვარ, წლების წინ, ისეთი თუ შეგიძლია დამხატოო. მოვედი ხასიათზე და როცა მუშაობა დავასრულე, მას ძალიან მოეწონა. მიხარია, როცა გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას და მაქებენ…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი