LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივია დინის ტრიუმფი BRIT Awards-ზე და სიურპრიზებით სავსე შთამბეჭდავი პერფორმანსები

136
photo-collage.png

ისტორიაში პირველად, BRIT Awards ლონდონს გარეთ გაიმართა. 46-ე შოუს, რომელსაც ზედიზედ მეექვსედ, კომიკოსი – ჯეკ უაიტჰოლი გაუძღვა, მანჩესტერმა უმასპინძლა. ,,ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაციამ” ლოკალური ,,გრემის” გამარჯვებულები, 14 ნომინაციაში გამოავლინა. დასახელდნენ საპატიო პრემიის ლაურეატებიც, რომელთა შორის ნოელ გალაგერი (,,წლის სიმღერების ავტორი”), PinkPantheress (,,წლის პროდიუსერი”), მარკ რონსონი (,,მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი”) და გარდაცვალების შემდეგ, ოზი ოსბორნი (,,ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის”) მოხვდნენ.

BRIT Awards-ზე რობი უილიამსმა ოზი ოსბორნის სიმღერა შეასრულა

დაჯილდოების ტრიუმფატორად, ოლივია დინი იქცა. მომღერალმა მინიჭებული ხუთიდან ოთხ, მათ შორის ,,წლის არტისტისა” და მეორე სტუდიური ალბომისთვის – The Art of Loving ,,წლის ბრიტანული ალბომის” ნომინაციაში მოიგო. საღამოზე მისი სადებიუტო პერფორმანსიც შედგა.

დაჯილდოების კიდევ ერთ ტიტულოვან შემსრულებლად მიღებული ორი ჯილდოთი, სემ ფენდერი მოგვევლინა.

გამარჯვებულთა სრული სია

ცერემონია ჰარი სტაილზის პერფორმანსით გაიხსნა. არტისტმა მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი – Aperture შეასრულა და აუდიტორია შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრითაც მონუსხა.

,,ბრიტსის” სცენაზე სადებიუტო პერფორმანსები ასევე ალექს უორენმა და როსალიამაც გამართეს. ამ უკანასკნელის წარმოდგენას, რომელსაც ყველასთვის მოულოდნელად, ბიორკი შეუერთდა, მაყურებლის ოვაციები და დადებითი შეფასებები მოჰყვა. დაჯილდოებაზე პირველად ნომინირებულმა როსალიამ, შოუ ,,წლის საერთაშორისო არტისტის” წოდებით დატოვა.

უორენის სანახაოზე ასევე სიურპრიზად, ჯეიმს ბლანტი ვიხილეთ.

ცალკე აღნიშნვას იმსახურებს მარკ რონსონის მუსიკალური ნომერი. მან ,,მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” მინიჭებული პრემია ემი უაინჰაუსს მიუძღვნა და დასძინა, რომ მის გარეშე არავინ იქნებოდა. პრესტიჟული ჯილდოს მიღების აღსანიშნად, რონსონის მიერ გამართულ სპეციალურ პერფორმანსში მონაწილეობა დუა ლიპამ მიიღო, რომლის საღამოზე გამოჩენა კიდევ ერთი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

წლევანდელი Brit Awards-ის ,,ჰაილაითებს” შორის მოხვდა რეის, HUNTR/ X-ისა და sombr-ის პერფორმანსებიც.

ცნობისთვის, BRIT Awards პირველად, 1977 წელს გაიმართა, ხოლო 1982 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ბრიტანული მუსიკის ყველა სფეროში შემოქმედებითი თუ ტექნიკური მიღწევების აღსანიშნად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ადგილობრივ არტისტებსა და ბენდებს შორის ავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები