“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ეხმიანება, სადაც შეთანხმება კიდევ ვერ შედგა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების დროს ულტიმატუმი არ ჰქონია. მისი თქმით, ოპოზიციამ თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით ჩაკეტა დიალოგი, რომელიც ორ საკითხს, რურუას გათავისუფლებას და პლებისციტს ეხებოდა.
კობახიძის თქმით, “ოპოზიციამ მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო”.
“ჩვენ უმრავლესობის წევრებს გავაცანით დიალოგის დეტალები, რაც იყო მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, აინტერესებდა გუნდს დეტალები და გვქონდა საუბარი ყველა ნიუანსზე, რაც უკავშირდებოდა გუშინდელ დიალოგს. დანარჩენი, თქვენც იცით, რა ხდებოდა მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, ვინ აყენებდა იქ ულტიმატუმებს და ვინ – არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ – არა, საზოგადოებას უკვე აქვს დეტალური ინფორმაცია.
ჩვენ არ გვქონდა არც ერთი ულტიმატუმი დაყენებული მოდერატორის წინაშე, იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი – ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს, მეორე – რურუას თემას. ორი ულტიმატუმი დააყენა ოპოზიციამ, იყო ერთი წრე მოსაზრებების გაცვლის. დანიელსონმა ოპოზიციას ჰკითხა მოსაზრებები ამ თემებთან დაკავშირებით, დოკუმენტთან დაკავშირებით და როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი ამ ორ თემასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, თავისი არაკონსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით, რომელიც ორ საკითხთან დაკავშირებით იყო, მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო: დანიელსონი
მედიატორი ასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა
ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა