საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ორი ოფიციალური მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ევრობასკეტზე მომხდარი სენსაციების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავერთეთ, სადაც ორი მარცხი ვიწვნიეთ (79:92 უკრაინასთან და 61:90 ესპანეთთან). ამის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსს კვლავ ვინარჩუნებთ. ამოცანა ამბიციური, თუმცა ასევე, ჯერ კიდევ რეალისტურია: გვსურს, რომ პლანეტის უძლიერეს გუნდებს შორის ზედიზედ მეორედ მოვხვდეთ.
დღეს, 27 თებერვალს, ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამოცდა ელოდება. ვითამაშებთ დანიის ნაკრების წინააღმდეგ და გამარჯვების შემთხვევაში, დავბრუნდებით რბოლაში, რომელმაც მსოფლიო ფორუმზე უნდა გაგვიყვანოს.
მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ მხოლოდ ამ ჯგუფში წარმატებით გამოსვლა საკმარისი არაა. ამის შესახებ მოგვიანებით, დაწვრილებით მოგახსენებთ. გეტყვით, რომ ევროპული ლეგიონისა და სუპერლიგის მოთამაშეების გარდა, ჩვენს ნაკრებთან ერთად იმყოფება ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი, რომელიც თურქული „ტრაბზონსპორის“ ლიდერია. შარშან რიდი თურქეთის ლიგის ბომბარდირი და MVP გახდა და მისი შედეგიანობა დანიასთან ორთაბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
გუნდის ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნაკრებს 26 თებერვალს შეუერთდა. მიზეზი „ბარსელონას“ გადატვირთული გრაფიკია – თოკო 25 თებერვალს ევროლიგაში ითამაშებს და დანიაში პირდაპირ მატჩის წინა დღეს ჩაფრინდება.
საქართველოს ნაკრების 14 კაციანი შემადგენლობა ასეთია:
- თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი)
- დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი);
- ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი);
- მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი);
- გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი);
- რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია);
- ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია);
- ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია);
- მარკის რიდი (ტრაბზონსპორი, თურქეთი);
- გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი);
- კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი);
- ალექსანდრე ფევაძე (თსუ);
- გიორგი ტურძილაძე (თსუ);
- ვილი ისიანი (რუსთავი).
კალენდარი: უახლოესი მატჩები
ჩვენს გუნდს უახლოეს პერიოდში 4 მატჩი ელის:
- 27 თებერვალი: დანია v საქართველო
- 2 მარტი: საქართველო v დანია
- 5 ივლისი: საქართველო v ესპანეთი
- 7 ივლისი: უკრაინა v საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი – როგორ მოვხვდეთ ტურნირზე?
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო ესპანეთის, დანიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად A ჯგუფში მოხვდა. ტურნირისკენ მიმავალი გზა ასეთია: იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვდეს, პირველ რიგში, საჭიროა, რომ მან A ჯგუფში 1-3 ადგილი დაიკავოს.
თუკი საქართველო პირველ სამეულში მოხვდება, ჩვენი ნაკრები მეორე რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც 6 გუნდს შორის მოხვდება. ანალოგიურად, ჩვენს კალათბურთელებს ბრძოლა აქაც მინიმუმ 1-3 ადგილისთვის მოუწევთ.
უფრო დეტალურად: პირველი ეტაპის გამარჯვებულები მეორე ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. პირველ რაუნდში დაგროვებული ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, შესაბამისად, საუკეთესო სამეული ჯამურად მოპოვებული ქულებით გამოვლინდება. მატჩები 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება
საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
(R)
