„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „თუ ქართული აეროპორტები და კომპანიები დასანქცირდებიან, მოქალაქეები ევროპაში ფრენას ვერ შეძლებენ“. მისივე თქმით, საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს, რუსული ჭაობი უნდა თუ ევროპა.
„პროცესს რომ დავაკვირდეთ, „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს უმტკივნეულო გადაწყვეტილებაა და ამაში საქართველოს არანაირი ფასის გადახდა არ მოუწევს – როგორც ჩანს, ჩვენ გვიწევს ამაში ჩვენი თავისუფლების ფასის გადახდა და ფასი ასევე, იქნება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც გამგზავრებას აპირებს, რადგან თუ რუსეთში ფრენების გამო ქართული აეროპორტები და კომპანიები სანქცირებაში მოჰყვებიან, გამოდის, რომ სერიოზული დისკომფორტი შეექმნებათ საქართველოს მოქალაქეებს – ისინი ევროპაში ფრენას ქართული აეროპორტიდან ვერ შეძლებენ. არჩევანი უნდა გავაკეთოთ – რუსული ჭაობი გვინდა, 70 წლის რუსული თვითმფრინავებით ფრენა გვინდა, თუ ევროპა?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გარდა ამისა, მანჯგალაძის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების „დამსახურებაა“.
„ხელისუფლება ცდილობს პრიმიტიულად წარმოაჩინოს საკითხი – „ჩვენ რა შუაში ვართ ვიზების გაუქმებასთან, ფრენების აღდგენასთან?!“ სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ „დამსახურებაა“ – „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად პარტნიორი არ დარჩა დასავლეთში და იზოლაციაში ჩააგდეს ქვეყანა. ბოლო პარტნიორი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხელს ართმევდა, „ევროპის სოციალისტური პარტია“ იყო, იქიდანაც გამოიქცნენ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ქვეყანა გახადეს დამოკიდებული, უფრო მეტი ბერკეტი შეუქმნეს რუსეთს. მესამე საკითხი კი ისაა, რომ საქართველოში ავრცელებენ იმ ნარატივებს, რაც რუსეთში სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილია, რომ დასავლეთი პატარა ქვეყნების მტერია, დასავლეთი ანადგურებს იდენტობას, საფრთხეს უქმნის ქრისტიანობას. თუ ისე იქცევი და ლაპარაკობ, როგორც რუსი და დასავლეთს მტრად აღიქვამ, როგორც რუსი, მოგექცევიან ისე, როგორც რუსს. მსოფლიო ასეთი გაყოფილი არასდროს ყოფილა სინათლის და ბნელეთის ბანაკად. სინათლე და სიმართლე უკრაინისა და თავისუფლების მხარესა. რუსეთი არის ბავშვების მკვლელი, ტოტალიტარული სახელმწიფო, პუტინი კი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედაა ცნობილი. „ქართული ოცნება“ კრიმინალთან ცდილობს კოჰაბიტაციას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა