”პაშა ბანკის” ახალი პროექტის Meeting Room-ის ფარგლებში, პირველი კონფერენცია გაიმართა. სასტუმრო Radisson Blu Iveria-მ პირველ კონფერენციას უმასპინძლა თემაზე ”სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში”. კონფერენცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და Colliers International-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
როგორც კონფერენციაზე ”პაშა ბანკის” კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრების ციკლის დაწყების მთავარი მიზანი ბანკის კლიენტებისთვის თემატურ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობის მიცემა იყო.
”ჩვენი სურვილია, იმ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში სასტუმრო ბიზნესი აქვთ ან ოპერირების დაწყებას მომავალში გეგმავენ, საშუალება მივცეთ, რომ იდეები გაცვალონ, ერმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, რაც, საბოლოო ჯამში, ყველა მონაწილეს გამოადგება. ვგეგმავთ, რომ კონფერენციების ციკლი რეგულარული იყოს და წელიწადში ორჯერ გაიმართოს. შემდეგი კონფერენცია შემოდგომაზე დაიგეგმება. ამ ეტაპზე, ვადგენთ, თუ რა თემაზე იქნება კონფერენცია. შევეცდებით, რომ თემა ბიზნეს სამყაროსთვის აქტიალური იყოს”, – განაცხადა გოგა ჯაფარიძემ.
მსგავსი პლატფორმის არსებობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
”იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, მნიშვნელოვანია, არსებობდეს კერძო სექტორთან კომუნიკაციის სხვადასხვა პლატფორმა, სადაც საუბარი იქნება თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს საქართველოში ტურიზმი და რა აქტუალური თემებია, ამ მიმართულებით. სწორედ ასეთი საკითხების განხილვას ემსახურებოდა ”პაშა ბანკის” მიერ ორგანიზებული კონფერენცია. ჩვენ საზოგადოებას და კერძო სექტორს ის მექანიზმები გავაცანით, თუ როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობას და რა ტიპის წამახალისებელი აქციები არსებობს”, – განმარტა გიორგი ჩოგოვაძემ.
”პაშა ბანკი” ახალი პროექტი MEETING ROOM სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლია, რომელიც აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის ახალ პლატფორმას ქმნის.
კონფერენციაზე სპეციალურად მოწვეულმა სპიკერებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორებიცაა სასტუმრო ბიზნესის მიმოხილვა, ტურიზმის დეპარტამენტის მოლოდინი და არსებული ტენდენციები, სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორების ბიზნეს მოდელი და ტიპური მოთხოვნები, ასევე სასტუმრო ბიზნესის დაფინანსების პრაქტიკა და კრიტერიუმები.