ჩირისა და ვაშლის ჩიფსის მწარმოებელი კომპანია „ფრუტერა“ ბაზარზე 2021 წლიდან არსებობს. კომპანიის საწარმო ქარელის რაიონ სოფელ დირბში მდებარეობს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოსაა. როგორია „ფრუტერას“ სამომავლო გეგმები და რა გამოწვევებია ბაზარზე, კომპანიის დამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა „ბიზნესნიუსის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა.
როგორ გაჩნდა „ფრუტერას“ დაარსების იდეა?
ჩვენი კომპანია და საწარმო მდებარეობს ვაშლისა და სხვადასხვა ხილის ჩვენივე ბაღებში. თავიდანვე მინდოდა, რომ პროდუქტს, რომელიც მოგვყავს, უფრო მეტი დაფასება ჰქონოდა მომხმარებელში და მიმეწოდებინა მომხმარებლისთვის სათანადო ფორმით. ბევრი ხილი, რომელიც ჩვენ მოგვყავს და ზოგადად, ფერმერებს მოჰყავთ, სამწუხაროდ ვერ რეალიზდება სათანადო ფასად და ხშირად მოუკრეფავად ლპება ბაღებში, რადგან არ აქვთ შესაბამისი ფასი და ეს პრობლემა სეზონურ ხილს ყოველთვის აქვს, ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ მქონოდა საწარმო, რომელშიც გადავამუშავებდი ხილს და შევთავაზებდი მომხმარებელს მისთვის სასურველი ფორმით და სასურველ ადგილზე.
სად ხდება პროდუქციის რეალიზება?
რეალიზება ხდება ჩვენი ვებგვერდის დახმარებით (frutera.ge), ასევე, გვაქვს ფეისბუქ გვერდი და უფრო მეტად აქედან ხდება. ასევე, პროდუქცია შეგვაქვს „კარფურის“ ქსელებში და წელს ოქტომბრიდან ვგეგმავთ, რომ რამდენიმე ქსელურ სუპერმარკეტში შევიდეთ.

რომელი სახეობის ხილისგან ამზადებთ პროდუქტს და რაზეა უფრო მეტად მოთხოვნა?
ამჟამად, გვაქვს 14 სახის ხილის ჩირი და ასევე, 14 სახის ტყლაპი ანუ ე.წ. მშრალი ხილფაფა. რაც შეეხება მოთხოვნას, ყველაზე მეტად მოთხოვნადია მაინც შავი ქლიავის ჩირი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული პროდუქტი არის აბსოლუტურად ნატურალური, რასაც განაპირობებს ერთი მხრივ, „გეოგაპის სტანდარტი“, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ ნედლეული არის მოყვანილი და წარმოებული ამ სტანდარტის დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნედლეული არ შეიცავს შხამქიმიკატებს, ნიტრატებს და სხვა მავნე ნივთიერებებს. წარმოებული ხილიდან ხდება ჩირისა და ტყლაპების წარმოება და მასში არ არის შერეული არანაირი დანამატები, მათ შორის შაქრის, ანუ აბსოლუტურად ნატურალურია დ არაც მთავარია, არ შეიცავს კონსერვანტებს.
საწარმო მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, თქვენს მშობლიურ სოფელში. თუ მოქმედებს ეს ფაქტი თქვენს საქმიანობაზე?
რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს. ამჟამად, საწარმოს ვაფართოებთ და დამატებითი ინვესტიციას ჩადებას ვგეგმავთ. ახლა მიმდინარეობს საწარმოს ფართის მშენებლობა. ალბათ ყველა რაციონალური ადამიანი ფიქრობს იმაზე, რამდენად ღირს საოკუპაციო ზოლტან ახლოს ამხელა ინვესტიციის ჩადება, თუმცა ერთი წამითაც არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ერთ დღეს იმ ტერიტორიაზე შესვლას ვერ შევძლებთ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ შიშთან და რისკთან არის დაკავშირებული, თუმცა არ მიფიქრია, რომ დამატებითი ინვესტიცია აღარ ჩამედო ჩემს საწარმოში.
რა გამოწვევებს აწყდებით ხოლმე წარმოების ან რეალიზაციის პროცესში?
სტარტაპის ეტაპზე ყველა მეწარმეს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, კომპლექსურ პრობლემებთან უწევს შეჯახება. ეს ეხება წარმოების პროცესს, ეხება მარკეტინგულ აქტივობებს, ლოგისტიკას, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. ლოგისტიკის თვალსაზრისით, გამართული სქემის არსებობა მარტივი არ არის. მასშტაბის ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც მცირე მწარმოებლებს გაცილებით მაღალი თვითღირებულება აქვთ, ვიდრე დიდ საწარმოებს, ამიტომ ვცდილობ, გავზარდო მასშტაბი, წარმოების მოცულობა და საინტერესო ვიყო სხვადასხვა მომხმარებლისთვის, დიდი სუპერმარკეტებისთვისაც და რაც შეიძლება ნაკლები თვითღირებულებით შევძლო წარმოება.

ექსპორტის მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამთ და როგორი გეგმები გაქვთ?
მას შემდეგ, რაც დასრულდება საწარმოს გაფართოება აგვისტოში, უკვე დავნერგავთ HACCP-ის სტანდარტსაც, რაც საშუალებას მომცემს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოვახდინოთ რეალიზაცია. პირველ ეტაპზე, გერმანიაში ვგეგმავთ რეალიზაციას, უკვე გვყავს პარტნიორები, აუცილებლად მინდა, რომ ევროპელმა მომხმარებელმა გასინჯოს „ფრუტერას“ პროდუქტი.
ბრენდინგის მიმართულებით, ასევე, გაქვთ სიახლეები. როდიდან ექნება „ფრუტერას“ ახალი შეფუთვა?
ოქტომბრიდან, ჩირის ახალი სეზონიდან, „ფრუტერას“ პროდუქცია ახალ შეფუთვაში იქნება. ეს შეფუთვაც, თავის მხრივ, ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, თავის მხრივ ევროკავშირის სტანდარტსაც. მათ თავისი მოთხოვნები აქვთ, შეფუთვა უნდა ექვემდებარებოდეს გადამუშავებას. მნიშვნელოვანია, რომ როცა მომხმარებელი დახლზე ხედავს მდარე ხარისხის შეფუთვას და მაღალი ხარისხის შეფუთვას, მიუხედავად იმისა, როგორი ხარისხის პროდუქტია მასში განთავსებული, არჩევანს აკეთებს უკეთესი ხარისხის შეფუთვის მქონე პროდუქტზე.
„ფრუტერა“ ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას თქვენსავე სოფელში. რამდენი ადამიანი მუშაობს კომპანიაში და თუ ფიქრობთ კადრების დამატებას?
ამჟამად, ჩემი ჩათვლით და სოციალური ქსელების ადმინისტრატორის ჩათვლით, 5 ადამიანია დასაქმებული საწარმოში, თუმცა აგვისტოს შემდეგ უკვე დამატებით დავასაქმებთ კიდევ 4 ადამიანს.

რეკომენდაცია რომ მივცეთ მოსახლეობას, როგორ უნდა გაარჩიონ, რომელია ნამდვილი ნატურალური ტყლაპი ან ჩირი და რომელი არა?
ბაზარზე ამჟამად, წარმოდგენილი ჩირებიდან ძალიან გავრცელებულია ე.წ. „სველი ჩირი“ და რატომ არის, ეს სველი. „ფრუტერას“ პროდუქტი წონაში შემცირებულია მინიმუმ 6-ჯერ, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 კგ ქლიავიდან გამოშრობის შემდეგ დარჩენილია 1 კგ ჩირი და დანარჩენი 5 კგ ოდენობის წყალი აორთქლებულია და დარჩენილია მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებები. ასეთნაირად გამომშრალ ჩირს აღარ სჭირდება რამე დამატებითი ღონისძიებები შენახვისთვის, ვგულისხმობ კონსერნტების დამატებას. რაც შეეხება სველ ჩირს, ის საწყისი ნედლეული მასში დაახლოებით შემცირებულია სამჯერ ანუ მასში დარჩენილია უფრო მეტი წყალი. მწარმოებლებს ეს აწყობთ, რადგან რეალიზებას აკეთებენ წყლისას და არა ჩირისას, მაგრამ დგანან მეორე პრობლემის წინაშე, რადგან სველი ჩირი დიდხანს არ ინახება და უმატებენ მას კონსერვანტს, რაც შეფუთვაზე აღნიშნულია E202-ის სახელით, ან შეიძლება ეწეროს, რომ პროდუქტი შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით, რაც აზოტს გულისხმობს. ამიტომ, მომხმარებელმა ერთი შეხედვითვე სველი ჩირი შეიძლება აღიქვას, როგორც არანატუარალური. ხშირად მწარმოებლები გემოს გასაუმჯობესებლად შაქარს და სხვა ემულგატორებსაც უმატებენ, კანონმდებლობა ავალდებულებს მწარმოებელს, რომ ეტიკეტზე დაიტანოს ყველა ინფორმაცია, თუმცა მომხმარებელი, ამ ინფორმაციას არ კითხულობს. მწარმოებლებმაც მიაგნეს, როგორ აუბნიონ მათ გზა, შეფუთონ ინფორმაცია ისე, რომ მომხმარებელმა კარგად ვერ გაიგოს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომხმარებელმა უნდა გაარჩიოს კარგი და მდარე ხარისხის პროდუქტი.
რა ეტაპზეა ახლა „ფრუტერა“ და რა ეტაპზე იქნება შემოდგომიდან?
ჩვენ ვფიქრობთ, წარმატებით გადავლახეთ საწყისი ეტაპი, რაც მომხმარებელთან პირველ შეხვედრას გულისხომობდა, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ მომმხარბლები განმეორებით ყიდულობენ და ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვობაში დააბრუნა ჩვენმა პროდუქტმა. ამჟამად, მიმდინარეობს გაფართოება დამატებითი საშრობების შეძენა, საწარმოო ფართის მომატება, შესაფუთი დანადგარების შეძენა. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში „ფრუტერა“ იქნება ერთ-ერთი წარმატებული და ისევ და ისევ ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია. ჩვენ საოჯახო მეურნეობა გვაქვს, სადაც ბევრი სახის ხილი მოგვყავს, ვფიქრობ, ყველა სახის ხილი, რაც კი ქართლში მოდის. არ მინდოდა, რომ კომპანიის სახელი მხოლოდ ჩირის და ტყლაპის მწარმოებელთან ყოფილიყო ასოცირებული. სამომავლოდ, ვფიქრობთ, მომხმარებელს არა მხოლოდ გამომშრალი, არამედ ნედლი ხილიც შევთავაზოთ. ახლა გავდივართ ადგილზე მიტანის სერვისის დანერგვას, ამ ლოგისტიკური ქსელის აწყობას და მინდოდა, რომ არა მხოლოდ ჩირთან, არამედ ხილთან ასოცირებული სახელი ყოფილიყო, ამიტომაც დავარქვი „ფრუტერა“ ანუ ხილის ერა.
