LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ახალ სტრატეგიას ამზადებს – კომპანია ნაკლები ავტომობილის გაყიდვით მეტი მოგების მიღებას გეგმავს

118
1098x1098

Porsche 2035 წლამდე გათვლილ ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მთავარი მიზანი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხაელ ლაიტერსმა განაცხადა.

ახალი სტრატეგიის ფარგლებში კომპანია მოდელების რაოდენობისა და მათი სხვადასხვა ვერსიის შემცირებას გეგმავს. Porsche-ში მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი სამოდელო ხაზი ზედმეტად გართულებულია, ამიტომ ყურადღება უფრო ნაკლებ, თუმცა უფრო მოგებიან მოდელებზე გადაინაცვლებს. შესაძლოა, შემცირდეს იმ პლატფორმების რაოდენობაც, რომლებზეც ავტომობილები იქმნება.

მიხაელ ლაიტერსის თქმით, კომპანია გაყიდვების მოცულობის ზრდას აღარ დაედევნება და პრიორიტეტს თითოეული ავტომობილის უფრო მაღალ მოგებიანობას მიანიჭებს. მისი განცხადებით, Porsche შეინარჩუნებს იმ ძირითად ღირებულებებს, რის გამოც მომხმარებლები ამ ბრენდს ირჩევენ. მათ შორისაა ავტომობილები, რომლებიც მძღოლზეა ორიენტირებული, ამიტომ კომპანია ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემების აქტიურ განვითარებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

ძრავების მიმართულებით Porsche კვლავ სამ ტექნოლოგიას განავითარებს – შიდა წვის ძრავებს, ჰიბრიდულ და სრულად ელექტრულ სისტემებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჰიბრიდები აღარ განიხილება მხოლოდ გარდამავალ ტექნოლოგიად შიდა წვის ძრავიდან ელექტრომობილებზე გადასასვლელად. მაგალითად, Porsche 911-ის ოჯახში მომავალში სწორედ ჰიბრიდული სისტემა გახდება ძირითადი, რადგან ამ მოდელის სრულად ელექტრიფიცირება ამჟამად არ იგეგმება.

ახალი სტრატეგიის ნაწილი საოპერაციო ხარჯების შემცირებაც იქნება. ამ მიზნით კომპანია თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას გააგრძელებს. Porsche-ში ამ პროცესს „სოციალურად პასუხისმგებელ კორექტირებას“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროფკავშირებთან შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები