LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო

26

პროკურატურამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა  დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი იყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა საკანონმდებლო ცვლილება გამამტყუნებელი განაჩენების გამარტივებული გზით გადასინჯვასთან დაკავშირებით.

ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე,  ეს გახდება საფუძველი ხელახალი სასამართლო განხილვის ჩატარების და განაჩენის გადასინჯვის.

„სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა  სამი მსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან,“ – აღნიშნავს პროკურატურა.

განცხადების მიხედვით, იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია და ანდრო ჩხიკვიშვილი გასამართლდნენ და იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

მოქალაქე იოსებ ჯანდიერის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მან დემონსტრაციულად დატოვა პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაია, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მის მიმართ ჰქონდათ ეჭვი პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასთან“ კავშირის თაობაზე.  დაზარალებული მესამე მოქალაქე კი ანდრო ჩხიკვიშვილია, რომელმაც ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 5 წელი მოიხადა საპატიმროში.

„სამივე მოქალაქის მიმართ პროკურატურამ გამოიტანა დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი ექნება და ჩვენ დეპარტამენტის შედეგებით პერიოდულად წარვსდგებით საზოგადოების წინაშე,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები