LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა 

130
ქუთაისის აეროპორტი

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა. საუბარია აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 171.8%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით,  ეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგი აღიარებაა.

„ქუთაისის აეროპორტში ფრენები 37 მიმართულებით ხორციელდება, საიდანაც 28 ევროპული მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტს უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარებაში. მიმდინარე წელს ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს – აეროპორტი კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს და გაიზარდოს მისი გამტარუნარიანობა იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ უფრო მეტ ავიაკომპანიასთან, მივიღოთ მეტი პირდაპირი რეისი, დავნიშნოთ ახალი მიმართულებები ევროპის ქვეყნებში,  შედეგად კი როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ შიდა და საერთაშორისო მოგზაურს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.