ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ და მიხეილ სარჯველაძემ დევნილ მოსახლეობას ახალი საცხოვრებელი სახლები მიულოცეს და სიმბოლურად, ბინების გასაღები გადასცეს.
720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ განახორციელა და მისმა ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო.
საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება – დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 4 ქალაქში მიმდინარეობს.
- თბილისში, 2426 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 11 კორპუსი შენდება, რომლის მშენებლობის ბიუჯეტიც 243 613 670 ლარს შეადგენს
- რუსთავში, 800 დევნილ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი 4 კორპუსს აერთიანებს, პროექტის ბიუჯეტი 80 971 596 ლარია;
- ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 7 კორპუსი შენდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 191 012 850 ლარი გამოიყო;
- ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 1 კორპუსი შენდება, რომლის მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს;
ოთხივე პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.