რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ონში, ცაგერსა და ლენტეხში, ხოლო წლის ბოლომდე ამბროლაურშიც დასრულდება.
როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. „საქართველოს რეგიონებში სატყეო სამსახურების გაძლიერების და მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით აშენდა ახალი შენობები, გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.