LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს დიალოგი საკუთარ თავთან – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

197
ანა-ალბუთაშვილი

რას ნიშნავს დიალოგი საკუთარ თავთან – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ანა ალბუთაშვილმა ისაუბრა.

რა ხდება ყოველდღიურობაში?

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღიური სტრესის რეჟიმში. სტრესი, რომელიც ეხება არამხოლოდ ჩვენს პირად ცხოვრებას არამედ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ და მიმდინარე მოვლენებს. ყოველდღიურად გვიწევს ბევრი პრობლემის გადაჭრა, რასაც ხშირად ვერ ვახერხებთ, ეს გვიტოვებს ერთგვარად დაუხურავ კონფლიქტებს, რაც ჩვენ ფსიქიკურ ჰომეოსტაზს არღვევს და საბოლოოდ თავს იჩენს რაიმე გართულების სახით, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფსიქიკურად ისე ფიზიოლოგიურად.

რატომ არ უნდა გავექცეთ საკუთარ თავს?

თითოეულ ჩვენგანს აქვს არჩევანი ან ვიყოთ მუდმივად საკუთარი თავისაგან გაქცევის რეჟიმში, ან შევძლოთ და მოვუსმინოთ საკუთარ თავს. ფსიქოსინთეზის მიმართულების შემქმნელი ასაჯოლი, რომელიც საუბრობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ნამდვილ მე-სთან დაახლოება და საკუთარი ნების გაცნობიერება გვთავაზობს ტექნიკას -რეფლექსიური მედიტაცია, რაც გულისხმობს ცნობიერ დაკვირვებას ჩვენს ფიქრთა დინებაზე და კონკრეტული თემის ირგვლივ ასოციაციურ ფიქრს.

ასაჯოლის აზრით, ჩვენში უფრო გონება ფიქრობს, ვიდრე თავად ჩვენ. რეფლექსიური მედიტაციის სავარჯიშო კი ჩვენს თავთან, ჩვენს ნებასთან დაახლოებაში გვეხმარება. მაგალითად, მინდა მიყვარდეს ადამიანები, შემდეგ დავსვათ კითხვა, რას ვგულისხმობ ამაში? რა არის ნამდვილი სიყვარული ჩემთვის? როგორ შემიძლია ამის მიღწევა? რა მიშლის ხელს იმაში, რომ ამას მივაღწიო? და თუ აღმოვაჩენ მაგალითად, რომ ეს არის სიძულვილი, მაშინ ვიწყებ ახლა ამ კონცეპტის ანალიზს, რა არის სიძულვილი? რა დგას ამის უკან? რატომ გაჩნდა ჩემში ეს გრძნობა? არის ეს გრძნობა სამართლიანი? რას ნიშნავს გიყვარდეს მტერი?

ყოველივე ეს გვეხმარება ჩავერთოთ თვითდაკვირვების პროცესში და ამით შევძლებთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას რაც გვაწუხებს და გვართმევს ენერგიას.

კითხვებზე პასუხი, ერთი მედიტაციით ვერ მიიღება, თუმცა ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენს ფსიქიკას ეხმარება წონასწორობის აღდგენაში და თვითგამორკვევაში. რა მინდა? რატომ მინდა? რას ემსახურება ეს? საით მივდივარ? ვინ ვარ? როგორი მინდა ვიყო და ა.შ.

ერთ-ერთი თერაპიული მეთოდი არის სოკრატისეული დიალოგი, რომელიც სწორედ კითხვების დასმის ხელოვნებაა. თერაპევტი იყენებს კითხვებს, როგორც თერაპიულ ინსტრუმენტს, რომ პაციენტი თავად გაერკვეს პრობლემაში და იპოვოს გამოსავალი.

მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, რადგან ითვალისწინებს ინდივიდის უნიკალობას, რაც პრობლემის უნიკალური, მისეული მოგვარების გზას საჭიროებს და არა თერაპევტის ჩარევას, მითითებებს ან რჩევებს, რაც შესაძლოა რიგ შემთხვევაში დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს.

თვითდაკვირვების და თვითრეფლექსიის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ტექნიკა არის ჰაიკუ. ჰაიკუ არის სამეტაპიანი თეთრი ლექსი, რომელიც იწერება სპონტანურად და გვაძლევს საშუალებას საკუთარი ფიქრების ნაკადს დავაკვირდეთ და არაცნობიერი შინაარსები სააშკარაოზე გამოვიტანოთ.

ჰაიკუ არის იაპონური სამწინადადებიანი ლექსი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც დავწეროთ და 1 თვის მანძილზე დავაკვირდეთ რა სიმბოლოების, შინაარსები, გრძნობები და ემოციებია ამ სიტყვებში, რა მეორდება? რა იცვლება და დავაკვირდეთ ამ პროცესს. თუ რომელიმე სიმბოლო ან ემოცია ხშირად მეორდება კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ამას და გავაცნობიეროთ გზავნილი, რაც ამ სიმბოლოს თუ ემოციას ახლავს თან.

შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ინდივიდის ორგანიზმს გააჩნია თვითაღდგენის და თვითრეგულირების მექანიზმი, როგორც ფიზიოლოგიური ასევე ფსიქიკური, გარკვეულ ზღვრამდე რა თქმა უნდა. სანამ ჩვენ თავად შეგვიძლია საკუთარ თავს გავუწოდოთ დახმარების ხელი და მოვუსმინოთ, შევისწავლოთ დავაკვირდეთ და გავაანალიზოთ ის პროცესები, რაც ჩვენში მიმდინარეობს.

დამეთანხმებით, რომ, როცა მუცელში უცნაური ხმები გვესმის ვუფიქრდებით, ნეტა რა მჭირს? ალბათ რაღაცა ვჭამე ისეთი რამაც მაწყინა, ან შესაძლოა პირიქით მშიერი ვარ და ვცდილობთ მოვაგვაროთ ეს..ასევეა ჩვენი ფსიქიკაც ისიც საჭიროებს მიყურადებას, მაგრამ ეს შეგვიძლია მანამდეც გავაკეთოთ, სანამ სიმპტომები გაჩნდება, რომელიც ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში გვიშლის ხელს, ამაში კი თვითრეფლექსია, თვითდაკვირვება, თუმნდაც ჰაიკუს ტექნიკა ან ნებისმიერი სახით ჩვენში დაგროვილი ემოციების რაიმე სახით გამომჟღავნება შეიძლება დაგვეხმაროს.

როგორც იუნგი იტყოდა -„ ის ვინც გარეთ იყურება თვლემს, ხოლო ის ვინც შიგნით იყურება ფხიზლობს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები