ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ, – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ვივა მედის” განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ და ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა ეს საკითხი არ არის ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ.
მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, იმავდროულად, რომ შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები, არის „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ცნობისათვის, კლინიკა „ვივა მედმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სავარაუდოდ, იძულებული ხდება“, მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივა მედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაბრუნებას უპირებენ
„ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე
