LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ვისწავლოთ „არას“ თქმა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

268
მამუკა-ბადრიძე

რატომ უნდა ვისწავლოთ „არას“ თქმა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოქონსულტანტმა მამუკა ბადრიძეს ისაუბრა.

რა დანიშნულება აქვს „ჰოს“ ან „არას“ ჩვენს ცხოვრებაში?

ყოველდღიურ ცხოვრებაში, არცთუ იშვიათად დგება წამი, როცა ნებისმიერ ჩვენგანს ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობისას გარკვეული სახის გადაწყვეტილების მიღება უწევს. გადაწყვეტილება კი ხშირ შემთხვევაში გამოიხატება იოლად გასაგები ისეთი  სიტყვებით, როგორიცაა „ჰო“ ან „არა“.

თუ გსურთ იყოთ თავისუფალი ადამიანი და გჯეროდეთ საკუთარი თავის, თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა პატივი გცენ და ანგარიში გაგიწიონ, მაშინ ერთი მარტივი წესი უნდა დაიცვათ: „ჰო“ უნდა თქვათ იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილად  „ჰოს“ თქმას გსურთ, ხოლო მაშინ, როცა „არას“ თქმის სურვილი გიჩნდებათ, აუცილებლად უნდა თქვათ „არა“.

რატომ უჭირთ ადამიანებს „არას“ თქმა?

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, „არას“ თქმა არც ისე იოლია, რაც გარკვეულწილად განპირობებულია ჩვენი მენტალიტეტით, რომელსაც ფესვები ჩვენ შორეულ ბავშვობაში აქვს გადგმული.

როცა ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მშობლები ზეწოლას ახდენენ შვილებზე და არ ითვალისწინებენ ბავშვის აზრს, ნებსით თუ უნებლიეთ ფორმირდება ადამიანი, რომელიც ეჩვევა ზეწოლას და აქედან გამომდინარე, ის ვერასოდეს ამბობს „არას“, ანუ მას უყალიბდება არათავისუფალი ადამიანის ფსიქოლოგია.

ამიტომ აუცილებელია, რომ თუ ბავშვს აქვს „არას“ თქმის რეალური მიზეზი, ბავშვის ასაკის მიუხედავად, მშობლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. მშობელმა შვილს დაბადებიდანვე უნდა სცეს პატივი და არასოდეს არ უნდა დააძალოს ფაფა მაშინ, როცა მას ეს ფაფა არ უნდა (დასაშვებ ფარგლებში).

ბავშვისადმი ამგვარი დამოკიდებულება მომავალში მოიტანს იმას, რომ ბავშვი გაიზრდება თავისუფალი, არ გაუჭირდება „არას“ თქმა და არავის დააჩაგვრინებს თავს.

რას იწვევს „არას“ უთქმელობა?

„არას“ უთქმელობა ყოველთვის იწვევს ჩვენთვის არასასურველ ვითარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხშირად გვიწევს იმის გაკეთება, რაც არ გვინდა, ანუ ჩვენ ვასრულებთ იმ სამუშაოს, რომლის გაკეთებაც არ მოგვწონს, ან  თავს ვუქნევთ მათ, ვისაც არ ვეთანხმებით.

ადამიანი, რომელიც ვერ ამბობს „არას“, მაგრამ ფიქრობს „არას“, ვარდება საკუთარ თავთან კონფლიქტში, რაც სულაც არ არის იოლი ამბავი და მუდმივად იტანჯება. ეს ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზეც.

იქნება დადგა დრო, რომ მან თქვას „არა“, აღარ იტანჯოს, არასოდეს გააკეთოს ის, რის გაკეთებაც არ უნდა და იცხოვროს საკუთარი ნება-სურვილით ისე, რომ სხვათა ცხოვრებას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ხელი არ შეუშალოს.

„არას“ თქმის სურვილისას, „არას“ თქმა სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც უარის თქმა გაძლევთ საშუალებას თქვათ „დიახ“ სწორედ მაშინ, როცა ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, ან სულაც არ აიღოთ საკუთარ თავზე ის ზედმეტი ვალდებულება, რომლის გაკეთებაც გაღიზიანების მეტს არაფერს მოგიტანთ.

„არას“ თქმას გააჩნია თავისი ფორმები. ის („არა“) უნდა იყოს ნათქვამი უკონფლიქტოდ, ზრდილობით, ტაქტით, ხმადაბლა, აგრესიის გარეშე, მაგრამ მტკიცედ. უფრო მეტიც, შეგიძლიათ გამოხატოთ წუხილიც კი და მიუთითოთ მიზეზი, რის გამოც ამბობთ „არას“.

ვისაც უნდა ისწავლოს „არას“ თქმა, ეს არასოდეს არ არის გვიან, ვინაიდან სურვილის შემთხვევაში, ადამიანებს საკუთარი ქცევების შეცვლა ხელეწიფებათ.

მოკლედ, იმისათვის, რომ საკუთარ თავთან მუდმივ  ჰარმონიაში ვიყოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი სახარებისეული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ „ჰო“ უნდა ნიშნავდეს „ჰოს“, და „არა“ უნდა ნიშნავდეს „არას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები