Renault გეგმავს ევროპაში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვების შეწყვეტას 2030 წლისთვის.
ფრანგულმა ავტომწარმოებელმა ამის შესახებ 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა. კომპანია ასევე გეგმავს ელექტრომობილებისთვის ახალი პლატფორმის შემუშავებას Google-თან თანამშრომლობით.
Renault აპირებს ავტომობილების გაყიდვების თითქმის 23%-ით გაზრდას 2030 წლისთვის, რათა წელიწადში ორ მილიონ ერთეულს მიაღწიოს.
„2030 წლისთვის ბრენდი ისახავს მიზნად, რომ ევროპაში გაყიდვების 100% იყოს ელექტროფიცირებული, ხოლო 50% ევროპის გარეთ, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილები“, – განაცხადეს კომპანიაში.
გასულ წელს Renault-ის მიერ ევროპაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 40% კვლავ შიდა წვის ძრავებით იყო აღჭურვილი.
სრულად ელექტრომობილების გაყიდვების მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლების გამო, ევროკავშირმა დეკემბერში 2035 წლის ელექტროფიკაციის მიზანიც კი შეამსუბუქა, რამაც ჰიბრიდული მოდელების წარმოების კარი გაუხსნა. Renault გეგმავს ევროპაში ჰიბრიდული მოდელების წარმოების გაგრძელებას 2030 წლის შემდეგაც.
Renault ელექტრომობილებიდან ნაკლებ მოგებას იღებს, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებიდან. ოპერაციული მოგება 2024 წლის 7.6%-დან გასულ წელს 6.3%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირდება 5.5%-მდე.
ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ოპერაციული მოგების 5-7%-ის დონეზე შენარჩუნება.