ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Rivian-მა ახალი თაობის Rivian R2-ისთვის ორი ახალი ფუნქცია წარადგინა. მათგან ყველაზე საინტერესო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კამერაა, რომელიც ავტომობილში დატოვებული შინაური ცხოველების მონიტორინგისთვის შეიქმნა.
Rivian-ის ავტომობილებში უკვე არსებობს სპეციალური Pet Mode („შინაური ცხოველის რეჟიმი“), რომლის გააქტიურებისას ჩაკეტილ ავტომობილში კლიმატკონტროლი მუშაობას აგრძელებს, რათა ძაღლი ან კატა კომფორტულ ტემპერატურაში დარჩეს.
ახლა კომპანიამ ამ სისტემას ვიდეომონიტორინგიც დაუმატა. კამერა უკანა ხედვის შიდა სარკეშია ინტეგრირებული და სალონის სრულ სივრცეს აკონტროლებს. მფლობელს შეუძლია პირდაპირ საკუთარ სმარტფონში, Rivian-ის ოფიციალური აპლიკაციის საშუალებით, რეალურ დროში ნახოს, როგორ გრძნობს თავს მისი შინაური ცხოველი.

თუმცა კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით სისტემას მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს. კამერასთან დაკავშირებული ხელოვნური ინტელექტი ჯერ ადგენს, ვინ იმყოფება ავტომობილში.
თუ სისტემა ძაღლს ან კატას ამოიცნობს, ვიდეოტრანსლაცია ჩაირთვება. მაგრამ თუ სალონში ადამიანი აღმოჩნდება, პირდაპირი ეთერი ავტომატურად დაიბლოკება. გარდა ამისა, ავტომობილის ეკრანზე ყოველთვის გამოჩნდება სპეციალური ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს, რომ კამერა აქტიურია.
Rivian-მა კიდევ ერთი სიახლეც წარმოადგინა, უკანა მინის საწმენდი, რომელიც ჩვეულებრივი კონსტრუქციისგან განსხვავებით უკანა სპოილერშია დამალული. გამორთულ მდგომარეობაში საწმენდის მექანიზმი სრულად იმალება სპეციალურ ნიშაში და ავტომობილის დიზაინს არ არღვევს.

კომპანიის განცხადებით, სისტემა სხვადასხვა კლიმატურ და საექსპლუატაციო პირობებში უკვე სრულად გამოიცადა და მისი საიმედოობა დადასტურდა.
ავტომწარმოებლების ინდუსტრიაში შინაური ცხოველების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მსგავსი ვიდეო სისტემები ჯერ კიდევ იშვიათია, რის გამოც Rivian-ის ახალი გადაწყვეტა ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ტექნოლოგიურ სიახლედ მიიჩნევა.