LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიწყო რეპროდუქტოლოგიის განვითარება საქართველოში – არჩილ ხომასურიძე და ლალი ფხალაძე გადაცემაში „პულსი“

975
არჩილ-ხომასურიძე,-ლალი-ფხალაძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჟორდანია-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე და პროფესორი ლალი ფხალაძე სტუმრობდნენ, რომელთაც რეპროდუქტოლოგიაზე, როგორც მეცნიერების უმნიშვნელოვანეს დარგზე ისაუბრეს.

– ბატონო არჩილ, მართაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს რეპროდუქტოლოგიას, როგორც მეცნიერებასა და კლინიკური მედიცინის დარგს. საინტერესოა, როგორ დაიწყო რეპროდუქტოლოგიის განვითარება საქართველოში და როგორ აღმოჩნდით ამ დარგის სათავეებთან?

– პირველ რიგში, ქალბატონო თიკო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ტელევიზიისთვის, რომელიც მართლაც უნიკალური მოვლენაა, რადგან დიდი იშვიათობაა სამედიცინო ტელევიზია, მით უფრო მინიმალურად კომერციალიზირებული. აქვე დიდ მადლობას გადავუხდი რადიო “ფორტუნას”, რომელიც ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო რადიოა.

რაც შეეხება რეპროდუქტოლოგიას – ის ჩემი პირმშოა, რომელსაც თუ დასჭირდა, დაუფიქრებლად შევწირავ თავს როგორც მშობელი. სამედიცინო და სოციალური თვალსაზრისით მართლაც გმირობა ჩაიდინეთ მე და ჩემმა კოლეგებმა ჟორდანიას ინსტიტუტიდან, როცა საბოლოოდ დავამარცხეთ ავადსახსენებელი აბორტი.

დღეს მეტწილად ახალგაზრდების თეორიული და პრაქტიკული მომზადებით ვარ დაკავებული, თუმცა წლების წინ ყველაფერი ბევრად რთულად იყო. მეტიც, ნამდვილი ომი გვქონდა გამართული აბორტმახერებთან, რომლებიც არა მხოლოდ მე დამდევდნენ მოსაკლავად, არამედ ჩემი ოჯახის წევრებსაც ემუქრებოდნენ, თუმცა მაინც შევძელით ამ ომში გამარჯვება. 30 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა რეპროდუქტოლოგიის დარგი, ამიტომ არც ისწავლებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ამ დარგს და ვაქციეთ დამოუკიდებელ დისციპლინად. მართალია, წლების წინ ძალიან გავრისკეთ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით, მაგრამ რისკმა გაამართლა, დღეს უამრავი ადამიანი ინტერესდება რეპროდუქტოლოგიით და უზარმაზარი კონფერენციები ეწყობა.

– ქალბატონო ლალი, თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა ბატონი არჩილის რისკმა?

– რა თქმა უნდა გაამართლა. როგორც თავად ბატონი არჩილი ბრძანებს, საქართველოში რეპროდუქტოლოგიის იდეოლოგი იოსებ ჟორდანია იყო, თვითონ კი, მის მემკვიდრედ და საქმის გამგრძელებლად იქცა, რადგან 1985 წელს სწორედ ის ჩაუდგა სათავეში ჟორდანიას ინსტიტუტს და სწორედ მან შექმნა პირველმა რეპროდუქტოლოგიის დარგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ პიონერები ვართ.

დამოუკიდებელ დარგად რეპროდუქტოლოგია 1997 წელს ჩამოყალიბდა, იმავე წელს გახდა ბატონი არჩილი მსოფლიო რეპროდუქტოლოგთა აკადემიის ნამდვილი წევრი. აღსანიშნავია, რომ მეტად პრესტიჟულ ორგანიზაციას ძალიან ბევრი ნობელიანტი აკადემიკოსი ჰყავს. 2001 წელს ბატონმა არჩილმა საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია დააფუძნა, რომელმაც 40-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა მოასწრო. 2015 წელს რეპროდუქტოლოგიის პროგრამა შეიქმნა, რომელიც მეტად სარისკო ექსპერიმენტად იქცა, თუმცა იმდენად დიდი აღმოჩნდა მოთხოვნილება, რომ ერთი წლის შემდეგ პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა, რასაც კერძო რეზიდენტურის შეიქმნა მოჰყვა ჟორდანია-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში. უკვე გადავამზადეთ 14 რეზიდენტი და 48 მეან-გინეკოლოგი, ვინც რეპროდუქტოლოგობა ისურვა.

დღეს გადამზადების სამწლიან პროგრამაში, რომელიც თეორიული პრეზენტაციებისა და სისტემატური კონფერენციების მოწყობასაც ითვალისწინებს საინტერესო პაციენტების განხილვით, 10 რეზიდენტი და 6 მეან-გინეკოლოგია ჩართული. ბედნიერი ვარ, რომ მეც იმ გუნდის გუნდის წევრი ვარ, რომელმაც ესტაფეტა გადაიბარა და ამაყად აგრძელებს პროფესორ ჟორდანიას და პროფესორ ხომასურიძის ტრადიციებს.

სხვათა შორის, 1986 წელს სწორედ ჟორდანიას ინსტიტუტში ჩატარდა პირველი ლაპარასკოპია, 2001 წელს კი, პირველი ინ ვიტრო განაყოფიერება, დავიწყეთ სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი, ჩვენთან გაიხსნა კონტრაცეფციის პირველი და ერთადერთი განყოფილება. ამასთანავე, სწორედ ჩვენი ინსტიტუტი იყო ერთადერთი, რომელთანაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობდა მულტიცენტრული კვლევების ჩასატარებლად. 1997 წელს ბატონმა არჩილმა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა დაარსდა, ერთი წლის შემდეგ კი, ექიმთა დახელოვნების აკადემიაში გახსნა ანალოგიური კათედრა.

სულ ცოტა ხნის წინ ბატონი არჩილის სურვილითა და ძალისხმევით მისი მეგობარი, მსოფლიოში ცნობილი გინეკოლოგი, ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეა ჯენაზანი გვსტუმრობდა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელოის სახემწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მივანიჭეთ. ბატონი ჯენაზანი ჩვენი დიდი გულშემატკივარია, სწორედ მისი წყალობით მონაწილეობენ ქართველი სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციებში.

– ბატონო არჩილ, მართალია, რეპროდუქტოლოგია სწრაფად გაკომერციულდა, მაგრამ თქვენ მაინც შეძელით ახალგაზრდების მისი არაკომერციული ნაწილით დაინტერესება. რამდენად რთული იყო ახალგაზრდების არა მერკანტილური შესაძლებლობებით, არამედ ჭეშმარიტი მეცნიერებით დაინტერესება და გატაცება?

– ვფიქრობ, მთავარი საქმის სიყვარული, ცოდნა და გამოცდილებაა. საკმაოდ სწრაფად მოვნახე საერთო ენა არა მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისაც უკვე ჰქონდა მიღებული სამედიცინო განათლება, არამედ სტუდენტებთანაც.  დღეს ჟორდანიას ინსტიტუტში მეტწილად რეზიდენტები გადიან მომზადებას, სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, სადაც თითქმის 30 წელია არსებობს რეპროდუქტოლოგიის და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა და ერთადერთია ამ სახელით, სტუდენტები არიან პროგრამაში ჩაბმული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ როინ მეტრეველს, ვისი მხარდაჭერითაც აღდგა მედიცინის ფაკულტეტი უნივერსიტეტში. ვფიქრობ, ბატონმა როინმაც ისეთივე გმირობა ჩაიდინა, როგორც პეტრე მელიქიშვილმა როცა დააარსა ეს ფაკულტეტი.

რაც შეეხება კომერციალიზაციას – ამ თემის მიმართ საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება მაქვს, რადგან აუცილებელია არსებულ რეალობასთან ბალანსის მოძიება, შეუძლებელია გარკვეული ფაქტორების უგულებელყოფა, თუმცა არც გადაჭარბება ვარგა. დღეს რეპროდუქტოლოგია ელიტარულ და ძვირადღირებულ დარგად ითვლება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სუროგაციასთან. თუმცა ბევრმა ეს ორი ფენომენი გააიგივა, რადგან ზოგადად ადამიანებს ძალიან უყვართ სხვისი კეთილი საქმის დაკნინება. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებას მართლმადიდებლური ეკლესიაც იზიარებს, მეტიც, წლების წინ თავად პატრიარქისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა.  

მომავალ წელს, სექტემბრის თვეში, პირველად აღმოსავლეთ ევროპაში, თბილისში რეპროდუქტოლოგთა მე-20 მსოფლიო კონგრესი ჩატარდება, რომელშიც უამრავი წამყვანი მედიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g