სოფო ბედია ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად ატარებს, თუმცა კონცერტებისთვისაც ემზადება, რომლებსაც სამეგრელოში ძმასთან, ბორის ბედიასთან ერთად გამართავს. სოფო შესანიშნავ ფორმაშია და გვიმხელს, როგორ ინარჩუნებს წონას.
სოფო ბედია:
ამჟამად ვიმყოფები მამისეულ სახლში მარტვილში. ყოველ ზაფხულს, ბავშვობიდან აქ დავდივართ და ვისვენებთ. ამ ზაფხულს მესამე ადგილია, სადაც დასასვენებლად წამოვედი, თურქეთშიც ვიყავი ორჯერ. დავდივართ და ვმოგზაურობთ, როგორც ბოშები. ვცდილობ, რომ ეს ორი თვე – ივლისი და აგვისტო, დავისვენო ოჯახთან ერთად.
ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად დაიკელი წონაში. რამე განსაკუთრებული რეცეპტი ხომ არ გაქვს?
განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, რეჟიმი მაქვს, ვიცი, სად უნდა გავჩერდე, როცა ვიწყებ მომატებას, ვიცი, როგორ დავიწყო დიეტა. კონკრეტულ დიეტას არ ვაკეთებ. რომც არ ვიყო დიეტაზე, ტკბილს არ ვჭამ, შაქარზე უარი მაქვს ნათქვამი. ცომზე ისედაც არ ვგიჟდები. მიყვარს ყველი, რომელთანაც ბოლომდე დამშვიდობება მიჭირს, მას ვერ ვიღებ რაციონიდან. გაზიანს არ ვსვამ.

როგორ ფიქრობ, ახლა შენთვის იდეალურ ფორმაში ხარ?
ყოველთვის მაქვს ხოლმე დანაკლისი, ორი-სამი კილოს დაკლება სულ მინდა. ჩემს ასაკთან და პარამეტრებთან მიმართებაში ექიმები მეუბნებიან, რომ ნორმალური წონა მაქვს. ყველაზე მომატებული ვიყავი, როცა ფეხმძიმე გახლდით ანდრიაზე, 32 კილო მქონდა მომატებული, 92 კილო შემიყვანეს სამშობიაროში. ეს იყო პიკი. ბავშვის გაჩენიდან ექვს თვეში ვიყავი ფორმაში, ერთ-ერთი ცნობილი დიეტა დავიწყე, რომელიც კოქტეილებს მოიცავს და ოთხ თვეში დავიკელი 24 კილო. ყველაზე დიდი მომატება მას მერე ჩემთვის არის 4-5 კილო, ისიც ზამთარში. თუ წონა ძალიან გამექცევა, ვიცი მომაკვდინებელი დიეტები, წყალი, ყავა და შავი შოკოლადი, სანამ არ დავდგები იმ წონაზე, რაც მინდა. მეტაბოლიზმი საკმაოდ კარგი მაქვს, ცუდია ასეთი შიმშილობა, მაგრამ როცა გადაღება ან კონცერტი მაქვს და 4-5 დღეში უნდა ვიყო ფორმაში, ასე ვიქცევი, ეს ხშირად არ ხდება, უფრო ზამთარში.

როგორც ვიცი, სამეგრელოში კონცერტები გაქვს ჩანიშნული…
ახლა მე და ბორიკოს გვაქვს სოლოკონცერტები, სამეგრელოს 4 ქალაქში, სენაკი, მარტვილი, აბაშადა ჩხოროწყუ. გვექნება მეგრული, შერეული, ცნობილი ჰიტები.
მარტვილიდან კიდევ სადმე აპირებ გამგზავრებას?
მარტვილიდან ჩამოვდივარ თბილისში, რადგან მივემგზავრები სომხეთში, ჯეი ლოს კონცერტზე, რომელიც 3 აგვისტოსაა. ის ბავშვობიდან იყო ჩემი საყვარელი მომღერალი, მომწონდა, როგორც მოცეკვავე და მსახიობიც. მისი შოუ ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებულია. ლაივში რომ ყველაფერს მოვისმენ, დიდი მოლოდინები მაქვს და ვფიქრობ, დიდ სიამოვნებას მივიღებ.
შემდეგ რა გეგმები გაქვს?
მარტვილში დავბრუნდები და კიდევ ერთი გეზი გვაქვს გურიისკენ, მერე კი ბავშვების გარეშე მე და მიშა ბათუმში დავისვენებთ.