ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის საკუთარ ბინაში იზოლაციაშია და ოჯახის წევრები საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს საცხოვრებელი სახლის კართან უტოვებენ. Fortuna.ge ამის შემდეგ დაუკავშირდა მომღერალს და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. მათ შორის ჰკითხა ტესტზე, რომელიც ნოდიკომ რამდენიმე თვის წინ გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ მის სხეულში კორონავირუსის ანტისხეულები იყო.
ნოდიკო ტატიშვილი:
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დამიდასტურდა, დაახლოებით 20 საათში დამირეკეს, ანუ დადასტურებიდან მეორე დღეს დამირეკა ჯერ ეპიდემიოლოგმა, შემდეგ ოჯახის ექიმმა და მომცეს მითითებები, რა უნდა გავაკეთო, თუკი ვერ ვიგრძნობ თავს კარგად. პირველ რიგში, უნდა ვაკონტროლო ტემპერატურა, თუ გადასცდება 38-ს, უნდა დავლიო სიცხის დამწევი, პარაცეტამოლი. მანამდე არ შეიძლება სიცხის დამწევის დალევაო. როცა გავიგე გუშინ ერთ-ერთი პაციენტის თრომბოზით გარდაცვალების ამბავი, ექიმს ვკითხე ამის შესახებ. დღეს დავიწყე სისხლის გამათხელებლის მიღებაც, რაც ექიმმა მირჩია. მორიგ დღეებში ვაპირებ კვლევების ჩატარებას, რომ თავი დავიზღვიო ფილტვებზე გართულებისგან.
საკვებსა და წამლებს ოჯახის წევრები გაწვდიან?
ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც მიტოვებენ კართან. გუშინ სალომე ბაკურაძემ მომიტანა თავისი გაკეთებული ლაზანია, ჩემმა მეგობარმა მეუღლის გაკეთებული საოცარი კოტლეტებიც დამიტოვა, ასე რომ, მაცივარში უამრავი გემრიელი რამ მაქვს.
ნოდიკო, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე თვის წინ ანტისხეულებზე ტესტი გაიკეთე…
რამდენიმე თვის წინ გავიკეთე ტესტი, რამაც აჩვენა, რომ სისხლში მქონდა კოვიდის ანტისხეულები. ვიფიქრე, რომ იანვარში, როცა საკმაოდ ცუდად ვიყავი, კორონავირუსი გადავიტანე ისე, რომ არ ვიცოდი. მაშინ მქონდა სიცხე 38 და უფრო სუსტად ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. ახლა ზომიერად სუსტად ვარ.
ანუ შესაძლებელია, რომ კორონა მეორედ დაგემართა?
არ ვიცი, ვერ გეტყვით ზუსტად. ახლანდელი ანალიზით აღმოჩნდა, რომ ეს ანტისხეულები აღარ მაქვს. ექიმს რომ ვკითხე, მითხრა, რომ შეიძლება იყო და გაილია ეს ანტისხეულები, ან მაშინდელი ანალიზი არ იყო სწორი, თუმცა სანდო ლაბორატორიაში გავიკეთე. შეიძლება, ის ტესტი არ შემცდარა და ანტისხეულები გაილია. კოვიდ-19 არის ახალი ვირუსი და არავინ იცის ანტისხეულების ამბავი. როგორც მითხრეს, ექვსი თვე ყველა ვარიანტში ჩერდება. ამიხსნეს, რომ წინა წლებში, როცა სხვა სახის კორონავირუსები ვრცელდებოდა, ანტისხეულები ორგანიზმში ერთ წელზე მეტიც დარჩენილა და ორი წელიც. ესეც დამოკიდებულია ორგანიზმზე.
კიდევ რა ტიპის მკურნალობა გაქვს დანიშნული?
ჩემმა მეგობარმა, ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ დილის საუზმესთან ერთად დამიტოვა თუთია და დე ვიტამინი, რასაც ასევე ვიღებ. სხვა შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობაა.
როგორც ვიცი, ძალიან ბევრს ეს დაავადება აქვს უსიმპტომოდ, ზოგს სიცხეც არ აქვს და ვერ ხვდებიან, რომ გადამტანები არიან. პირბადე რომ აუცილებელია, ფაქტია, სადეზინფექციო ხსნარებიც და ზოგადად, ფაქტია, რომ თუკი ადამიანს მინიმალური სიმპტომები აქვს, უნდა დარჩეს სახლში. მე სიმპტომები არ მქონია, მაგრამ მქონდა კონტაქტი ქალბატონთან, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა კოვიდი. ყველას გავაგებინეთ და იმ დღიდან თვითიზოლაციაში ვარ. ამ თვალსაზრისით ბედნიერი ვარ, რადგან ჩემგან არავის გადასდებია და არც გადაედება.
ნინო მურღულია