LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს განქორწინებაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

90
ელენე-ბაჩიაშვილი

რამდენად რთულია ბავშვებისთვის მშობლების განქორწინება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ელენე ბაჩიაშვილმა ისაუბრა.

რამდენად რთულია ბავშვებისთვის მშობლების განქორწინება?

განქორწინება ძალიან რთული და ემოციური პროცესია, რომლის დროსაც იცვლება როგორც თქვენი, ასევე ბავშვის ცხოვრება – გარკვეული ასპექტები მომენტალურად, ზოგი კი დროთა განმავლობაში. ბავშვების რეაქციები მშობლების განქორწინებასა და დანაკარგის განცდაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მათ ასაკზე თუმცა, ძირითადად, რამდენიმე ფაზას გადის:

  1. უარყოფა – „მე ეს არ მჯერა“, „დედა და მამა მალე ისევ ერთად იქნებიან“
  2. ბრაზი – „თქვენ მხოლოდ თქვენს თავზე ფიქრობთ“, „რატომ ხდება ეს ჩემს თავს?“, რატომ შორდებიან მაინცდამაინც ჩემი მშობლები? „
  3. შეთანხმების მცდელობა – „თუ უკეთესად მოვიქცევი, იქნებ დედა და მამა შერიგდნენ“
  4. სევდა – „ძალიან სევდიანი და მარტოსული ვარ“, „არ მინდა ამაზე არავისთან საუბარი“. ზოგჯერ შესაძლოა ბავშვები სევდას და აგრესიას ქცევით გამოხატავდნენ.
  5. მიღება – „არ მომწონს, მაგრამ ვხვდები, რომ დედა და მამა ერთად აღარ იქნებიან“, დედა და მამა ერთად აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ორივეს ძალიან ვუყვარვარ“

დაგეგმეთ რას იტყვით – დაიცავით თქვენი შვილები თქვენი წყენისგან ან ბრაზისგან, დაგეგმეთ (ერთად), როდის, როგორ და რას ეტყვით თქვენს შვილებს. უთხარით მათ ისეთ დღეს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გარკვეული დრო გაატაროთ ერთად, მაგალითად, შაბათ-კვირას. არ გააკეთოთ ეს დღესასწაულზე ან სხვა განსაკუთრებულ დღეს, ან უბრალოდ სკოლის ან ძილის წინ. ნუ გაამჟღავნებთ მას იმპულსურად ემოციურ მომენტში.

ესაუბრეთ ერთად – ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ერთად საუბრით აგრძნობინებთ ბავშვებს, რომ მშობლობის საკითხებში კვლავ გუნდი ხართ.  მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა შვილებმა განქორწინების შესახებ გაიგონ მშობლებისგან.

არ დაადანაშაულოთ რომელიმე მშობელი – მოერიდეთ ცდუნებას, დაადანაშაულოთ ​​ან თქვათ, ვისი “ბრალია” ეს. შეიძლება ფიქრობთ, რომ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა იცოდნენ „სიმართლე“ — „დედას რომანი ჰქონდა“ ან „მამა გვტოვებს“. „სიმართლე“ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი შვილების მხარდაჭერა და დარწმუნება. რამდენადაც შეგიძლიათ, გამოიყენეთ სიტყვა „ჩვენ“, როდესაც აცნობებთ ბავშვებს მიღებულ გადაწყვეტილებებს. „ჩვენ არ ვართ ბედნიერები ერთად“, ან „ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ჩვენი კამათი შეწყდეს“, ან „ჩვენ ვეცადეთ გადაგვეჭრა ჩვენი კონფლიქტი, მაგრამ ვერ შევძელით“.

უთხარით თქვენს შვილებს რა შეიცვლება და რა დარჩება იგივე – ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვებს სურთ იცოდნენ, არის ის, თუ როგორ იმოქმედებს თქვენი განქორწინება მათ ცხოვრებაზე. თქვენს შვილებს სურთ იცოდნენ, სად აპირებენ ცხოვრებას, ვისთან ერთად და რა შეიცვლება მათ ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, მოემზადონ ამ ცვლილებებისთვის, გულწრფელად ისაუბროთ ყველა დეტალზე, ემოციებსა და ფიქრებზე. თუ თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაწყვიტეთ, როგორ გაატარებთ დრო ბავშვებთან, აცნობეთ მათ განრიგი. უთხარით რომ იგივე დარჩება მათი სკოლა, მეგობრები, სპორტი ან სხვა აქტივობები. აუცილებლად აცნობეთ მათ, რომ თქვენი სიყვარული მათ მიმართ არასოდეს შეიცვლება. “მშობლები შეიძლება დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისინი ყოველთვის თავიანთ შვილებთან იქნებიან“.

  • ნუ იკამათებთ ბავშვების თანდასწრებით ან მაშინ, როდესაც არის ალბათობა, რომ მათ ესმოდეთ;
  • ნუ სთხოვთ შეასრულოს შუამავლის ფუნქცია თქვენსა და თქვენს ყოფილ პარტნიორს შორის;
  •  ნუ ეცდებით, მეორე მშობელი “დასაჯოთ“ და არ მისცეთ ბავშვის ნახვის უფლება, ან „დასაჯოთ“ დედა და  არ გადაუხადოთ ალიმენტი;
  • ნუ სთხოვთ ბავშვებს, რომ თქვენი პოზიცია დაიჭიროს და მეორე მშობელს დაუპირისპირდეს;
  •  ნუ მოუყვებით ბავშვს მეორე მშობელთან თქვენი პრობლემების შესახებ.
  •  ნუ გამოიყენებთ შვილებს ემოციური მხარდაჭერისთვის;
  •  ნუ დასჯით ბავშვებს, არასასურველი ქცევის გამო, მეორე მშობლის ნახვის აკრძალვით;

ნაცვლად ამისა:

  • მუდმივად ესაუბრეთ მათ გრძნობებზე და აუხსენით, რომ რასაც გრძნობენ ბუნებრივია;
  • მუდმივად აღნიშნეთ, რომ გიყვართ და მათ მიტოვებას არ აპირებთ;
  • დაარწმუნეთ, რომ განქორწინება მათი ბრალი არ არის;
  • რამდენადაც შესაძლებელია იყავით გულწრფელი მათთან ურთიერთობისას;
  • მიეცით სივრცე და შესაძლებლობა, რომ დასვან კითხვები;
  • მიეცით დრო, რომ შეეგუონ ცვლილებებს;
  • სირთულეების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები