19 ოქტომბერს, კლივლენდში, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებას მუსიკალურად დუა ლიპა, ბასტა რაიმსი, ელა მაი, ლაქი დეი, ჯელი როლი და სხვები გააფორმებენ. სრული ლაინაფი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ისინი პატივს მუზეუმის ახალ წევრებს მიაგებენ.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრების სია ცნობილი, აპრილში გახდა. წელს ეს პატივი პერფორმერთა კატეგორიაში ისეთ შემსრულებლებსა და ბენდებს ხვდათ წილად, როგორებიც არიან: მერი ჯეი ბლაიჯი, შერი, პიტერ ფრემპტონი, ოზი ოსბორნი, როგორც დამოუკიდებელი არტისტი, Dave Matthews Band, Foreigner, Kool & the Gang და A Tribe Called Quest.
წელს საერთო ჯამში თემატური კატეგორიის 15 კანდიტატი დასახელდა, რომელთა შორის ათმა ნომინაცია პირველად მიიღო. ამ სიაში ასევე შედიოდნენ: მერაია ქერი, ლენი კრავიცი, გარდაცვალების შემდეგ – შინეიდ ო’კონორი, Oasis, Sade, Eric B. & Rakim და Jane’s Addiction.
აღსანიშნავია, რომ მერი ჯეი ბლაიჯი, Eric B. & Rakim, Jane’s Addiction და Dave Matthews Band კანდიდატთა შორის მეორედ, ხოლო A Tribe Called Quest, მესამედ იყვნენ დასახელებული. ოზი ოსბორნი, როგორც ჯგუფის – Black Sabbath ერთ-ერთი წევრი, დარბაზში, 2006 წელს შევიდა.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი 1986 წელს, განსაკუთრებით როკ ინდუსტრიაზე დიდი გავლენის მქონე მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად დაფუძნდა. დადგენილი წესის მიხედვით, დარბაზში მოსახვედრად, არტისტების კანდიდატურა სადებიუტო ნამუშევრის გამოსვლიდან, მინიმუმ 25 წლის შემდეგ განიხილება.