რუმინეთის ქალაქ სფინტუ-გეორგეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო პროექტი, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას აგვარებს – ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და პიკის საათებში საგზაო მოძრაობას ამსუბუქებს.
უმცროსი და საშუალო კლასების მოსწავლეები ახლა სკოლაში მშობლების მანქანებით კი არ მიდიან, არამედ მოხალისეების თანხლებით ფეხით მისეირნობენ. მარშრუტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან იწყება, რათა პროექტში ყველა სკოლამ შეძლოს ჩართვა. ყველაზე პატარა ბავშვებისთვის გზა 500–600 მეტრს არ აღემატება, უფროსებისთვის – დაახლოებით 1,5 კილომეტრს.
მოხალისეები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ ახლობლები – ძირითადად ბებია-ბაბუები, არამედ ნებისმიერი ადამიანი ვინც ამის სურვილს გამოთქვამს: თავად მასწავლებლები ან ექიმები. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, ვინც მის შესახებ ინტერნეტით გაიგებს. ასეთ შემთხვევაში მოხალისეები ბავშვებთან მუშაობის დაწყებამდე საფუძვლიან შემოწმებას გაივლიან.
მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად, რათა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გასეირნება აირჩიონ, მერიამ ანაზღაურების სისტემა შექმნა: სპეციალურ ბარათებზე შეგროვდება შტამპები და როცა მოსწავლე საკმარის რაოდენობას დააგროვებს, მას საჩუქრად გადაეცემა კალამი, მარკერი ან ფანქრები. 125 სასკოლო გასეირნების შემდეგ ბავშვებს ზაფხულის ბანაკში უფასოდ დასვენება შეეძლებათ.
პროექტმა კიდევ ერთი პრობლემა გადაჭრა – ქალაქში დილაობით საცობები მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან მშობლებს ბავშვების სკოლამდე მანქანით მიყვანა აღარ უწევთ.
მომდევნო წელს პროექტს რუმინეთის კიდევ ექვსი ქალაქი შეუერთდება.