ბევრი მშობელი აბსოლუტურად ნორმალურად მიიჩნევს ბავშვის მანქანაში დატოვებას და საკუთარ საქმეებზე ”სულ რაღაც ხუთი წუთით” გაქცევას. ერთი შეხედვით, 300 წამში შეუძლებელია რაიმე კატასტროფული მოხდეს. თუმცა, ნუ იქნებით ასე დარწმუნებული და კარგად დაფიქრდით, სანამ ბავშვს უყურადღებოდ დატოვებთ მანქანაში.
- არასწორად გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება შესაძლოა საევაკუაციო სამსახურმა წაიყვანოს, რისთვისაც მას ზუსტად ხუთი წუთი ჭირდება. როგორც აღმოჩნდა, ევაკუატორები იშვიათად ათვარიელებენ მანქანის სალონს და ბავშვი მანქანასთან ერთად გადაჰყავთ საჯარიმო სადგომზე.
- ავტომობილი შესაძლოა გაიტაცონ. ქურდები ყოველთვის ძალიან სწრაფად მოქმედებენ. ამიტომ ბავშვის ავტო-სავარძლიან ამოყვანას და ზედმეტი დროის დაკარგვას ნამდვილად არ დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც გამოიჩინეს მსგავსი ”გულისხმიერება” თავისუფლად შეიძლება შეაშინონ ან ტრავმა მიატყენონ პატარა მგზავრს. წარმოდგენაც კი შემაძრწუნებელია, რა შეიძლება მოიმოქმედონ გამტაცებლებმა, როცა ავტომობილში ბავშვს აღმოჩენენ და ყველაფერი ეს შესაძლოა სწორედ იმ ”ხუთ წუთში” მოხდეს.
- შესაძლოა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა. გაჩერებულ ავტომობილს თავისუფლად შეიძლება დაეჯახოს მოძრავი ავტომობილი, რასაც სულ რამდენიმე წამი ჭირდება, შედეგი კი, საბედისწერო იქნება.
- ბავშვი შესაძლოა გაიგუდოს. თუ თქვენი პატარა უკვე გაიზარდა და თავისუფლად შეუძლია ღვედის შეხსნა ან ფანჯრის გაღება, მაშინ ავტომობილში მარტო დატოვებით, თქვენ სერიოზულ რისკზე მიდიხართ. ბავშვი შესაძლოა გაიხლართოს ღვედებში და გაიგუდოს, ან სასიკვდილო ტრავმა მიაყენოს საკუთარ თავს ფანჯრის ასაწევით. სხვათაშორის, ამგვარი ტრაგიკული შემთხვევები მსოფლიოში საკმაოდ ხშირად ხდება.
- შესაძლოა ბავშვმა სითბური დარტყმა მიიღოს ან გაიყინოს. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მსოფლიოში კვირაში ერთხელ სულ ცოტა ერთი ბავშვი იღუპება მანქანაში. მსგავსი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი სითბურ დარტყმაზე ან გაყინვაზე მოდის. მზეზე დატოვებული ავტომობილი კონსერვის ქილას ჰგავს, რომელშიც სწრაფად მატულობს ტემპერატურა, კლებულობს ჟანგბადი და იზრდება წნევა. ბავშვის სხეული კი, ხუთჯერ უფრო სწრაფად ხურდება, ვიდრე ზრდასრული ადამიანის, ასე რომ პატარას ხუთი წუთიც ეყოფა სითბური დარტყმის მისაღებად, 10 წუთში კი, ტვინის დაზიანების პროცესიც დაიწყება.
- შესაძლოა მანქანაში მოულოდნელად გაჩნდეს ცეცხლის კერა. თანამედროვე ავტომობილები სხვადასხვა ელექტრონიკითაა სავსე, ამიტომ მოკლე ჩართვის საფრთხე აბსოლუტურად რეალურია. ბოლი გაგუდვის მიზეზი გახდება, ნაპერწაკალი კი – ხანძარს გამოიწვევს სალონში. ამგვარ სირთულეებს თავისუფლად გაუმკლავდება ზრდასრული ადამიანი, მაგრამ არა პატარა ბავშვი.
- შესაძლოა ბავშვმა თავისდაუნებურად დაძრას ავტომობილი. ბავშვი ყოველთვის იმას იმეორებს, რასაც მშობლები აკეთებენ, ასე რომ პატარამ თავისუფლად შეიძლება დაიკავოს მშობლის ადგილი და ყველა ის მანიპულაცია ჩაატაროს, რაც მას არაერთხელ უნახავს. შედეგად, ის უმართავ ავტომობილში აღმოჩნდება, რაც კატასტროფული იქნება არა მარტო მისთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც.
- მანქანა შესაძლოა ჩაიძიროს. წყალსაცავების ახლოს, პლაჟზე და სანაპიროზე ყოფნისას, არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს თავისდაუნებურად შეუძლია გამორთოს ხელის მუხრუჭი და მაშინ უმართავი ავტომობილი თავის პატარა მგზავრთან ერთად წყალში აღმოჩნდება.
კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, ნუ დატოვებთ ავტომობილს ბავშვთან ერთად, წაიყვანეთ თქვენი პატარა თან, მაშინაც კი, თუ ”სულ რაღაც ხუთი წუთით” გარბიხართ.