ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ირაკლი ბიბილეიშვილის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა.
ირაკლი ბიბილეიშვილს 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ერთ-ერთია, ვინც აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს საკუთარ სახლში მალავდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.ირაკლი ბიბილეიშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ტყუილია თითქოს საქმეში დევს ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობა.
„პრინციპული საკითხია და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილოს ჩვენი საჩივარი, საბოლოოდ როდესაც იქნება ამის ეტაპი და დადგინდეს, რომ ბიბილეიშვილის მიმართ, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე აპელაციაში, დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. არ ყოფილა პირადობა, ეს არის სიყალბე, სიცრუე, საქმეში არ არსებობს პირადობა. თუ მეკითხებით როგორ აღმოჩნდა პირადობა, პირადობა ხომ უნდა იდოს საქმეში – არ დევს,“ – აცხადებს მახარაშვილი.
პროკურორ გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობა უშუალოდ ბინის ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი.
„აღნიშნულის შესახებ ბრალდებულმა რომ იცოდა, ეს დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ეს დასტურდება იმ გარემოებებით, რომ დადასტურებულია – იცნობდა ორივე ბრალდებულს, ორივე ბრალდებულთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, მჭიდრო ურთიერთობები. მათ ტელეფონებში აღმოჩნდა ერთმანეთის ტელეფონის ნომრები. ბინის ჩხრეკისას აღმოჩნდა უშუალოდ ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობა, რომელზედაც ის ამბობს, რომ თითქოსდა გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა,“ – თქვა შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ, 1996 წელს დაბადებული ირაკლი ბიბილეიშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2022 წლის თებერვალში დააკავეს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიბილეიშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულთან, გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა და მან ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა. ასევე, ცნობილია, რომ სწორედ მის სახლში გაათენეს ღამე მკვლელობაში ბრალდებულებმა.
რა საქმეებს შეიძლება უკავშირდებოდეს ძმები კაკულიების დაკავება – გახმაურებული ამბის ახალი დეტალები