სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ხმაური საქალაქოსთან – სამართალდამცველებმა ოპერატორები, რომლებიც ბეტონის ღობეზე ავიდნენ, ჩამოიყვანეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორიაც:
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.” – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს: მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულია 15 პირი