LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

259
BeFunky-collage

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში სპეცოპერაცია დაასრულა. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შემდეგ შს მინისტრი ადგილზე ჩავიდა და სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო პირია და მან სამსახური 2021 წელს დატოვა. ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს თავდამსხმელის შვილის გამოკითხვა.

„მისი შვილი იმყოფებოდა სახლში, სრულწლოვანია ის ბიჭი… დაიწყო აივნის ჯერ ერთი მხრიდან სროლა, შემდეგ მეორე მხრიდან, ამ ბავშვმა დატოვა მერე სახლი.. შვილი ვერაფერს ვერ გვეუბნება. რომ გამოვიქეცი სახლიდან, წინა მხარეს უკვე გვამები იყოო..

ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან… მისი შვილი იმყოფებოდა სახლში, სრულწლოვანია ის ბიჭი… დაიწყო აივნის ჯერ ერთი მხრიდან სროლა, შემდეგ მეორე მხრიდან, ამ ბავშვმა დატოვა მერე სახლი.

მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, გადაყვანის დროს, საავადმყოფოში დაიღუპა ჩვენი თანამშრომელი…

მოქმედი სამხედროა, ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს, 2006 წლიდან მუშაობდა, 2021 წელს არის წამოსული. ესაა პირველადი ინფორმაცია, დაზუსტებით ვერ გეტყვით. რაც გვითხრეს, ეს არის, რომ 2021 წამოვიდა სამხედრო სამსახურიდან, ავღანეთშიც ნამყოფია. რა მოხდა, არავინ არ იცის, ჯერჯერობით.

…როდესაც ჩავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, მოუწოდეს, გაისროლა კიდევ რამდენჯერმე. გასროლის ხმა იყო რომ შევიდნენ, საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები, რამდენიმე ცალი…”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა: „ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა”.

ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის ინფორმაციით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი 5 ადამიანიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ოპერაცია უტარდება.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული, თბილისში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g