LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარია, ყოფნის თავხედობა და ისევ ჭკუას გვარიგებს“ – ვინ როგორ აფასებს კელი დეგნანის განცხადებებს

334
Untitled design (11)

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუს პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა.

დეგნანი: დასავლეთს არასოდეს უცდია საქართველოს ომში ჩათრევა, ვინც ამ ნარატივს იმეორებს, რუსეთის საქმეს აკეთებს

დეგნანი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის წერილს და მასთან შეხვედრაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა პოლარიზაციის საკითხზე და ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა არასდროს უცდია.

ამის საპასუხოდ, ორგანიზაცია “აი იას” დამფუძნებელი, ვატო შაქარაშვილი აცხადებს, რომ კელი დეგნანი პოლიტიკოსებს ისევ ჭკუას არიგებს:

“საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს!

ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს!

რას გვეუბნება, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ბიძინა ივანიშვილთან სამ საათიანი შეხვედრა, ფრინველების თბილ ქვეყნებში მიგრაციას შეეხებოდა?!

გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას გვაყენებს მთელ ერს, თავისივე ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს!

ამ დროს, რა გულის ამრევია ეს დამონებული, კოლონიალიზმით შეპყრობილი ოპოზიცია, რომელიც გუნდრუკს უკმევს გენერალ-გუბერნატორს! ანონიმკებს კი აღარ წერენ, პირდაპირ ემონებიან! ჩვენ დაგვინახეთ! ჩვენ, დედას მოვკლავთ, მამას მოვკლავთ თუ თქვენს სამსახურში აგვიყვანთ, ქვეყანასაც გავყიდით თვალის დაუხამხამებლადო!”, – წერს შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით და გარეთ კეთდება განცხადებები, რომ კარგი იქნება მეორე ფრონტი საქართველოში და ამის ადეკვატური შეფასება არ ხდება, კითხვები ჩნდება, რომ კონკრეტული აქტორები ომში ჩართვას ითხოვენ.

“სამწუხაროა, როცა უკრაინის ოფიციალური პირები პირდაპირ საუბრობენ, რომ კარგი იქნებოდა მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში და საქართველო შეხიდებოდა უკრაინას მსხვერპლში, იმავეს საუბრობდნენ აქ პოლიტიკური და თითქოს სამოქალაქო აქტორები, თუმცა, ვიცით, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ასევე არაერთი საერთაშორისო აქტორიც საუბრობდა ამაზე თუნდაც, ბოლოს გავიხსენოთ, რომ იგივე თქვა აშშ-ის ევროპის კონტინგენტის ყოფილმა სარდალმა.

ცხადია, როცა ასეთი განცხადებები კეთდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ლოგიკურად საჭიროებს ჩვენი ყურადღების გამახვილებას, რადგან ჩვენთვის უსაფრთხოების დაცვა უმთავრესი ამოცანაა. როცა არ ხდება მსგავსი განცხადებების ადეკვატური შეფასება, ეს ბადებს კითხვის ნიშნებს, ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა შინაარსზე აქცენტების გაკეთება”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას

„ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

“კარგი იქნება, თუ ქალბატონი დეგნანი უფრო ფოკუსირებული იქნება რეალურ ავტორებზე, ვინც ამ სანქციებზე დღე და ღამე საუბრობს” – ასე შეაფასა იკელი დეგნანის განცხადებები დღეს უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ:

“მან თქვა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებზე და კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრობს, გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ღია, გამჭვირვალე პროცესი, ყველასთვის ცნობილია და მსგავსი რამ არ იგეგმება. ამ ხელმოცარულებს, რომლებიც არიან პოლიტიკაში, როგორც შიგნით მავნებლები, ასევე საგარეო ფრონტზე, მათ შორის უკრაინაში, ამით კიდევ ერთხელ ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ დიახ, არავინ არ გეგმავს კონკრეტული ადამიანის სანქცირებას და თუ იქნება, ეს იქნება ღია, გამჭვირვალე და ამას თეთრი სახლი პირდაპირ ატყობინებს. ამით ეს დისკუსია მოკვდა”, – განაცხადა ზარქუამ.

კელი დეგნანის განცხადებებს ეხმაურება გურამ მაჭარაშვილიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” ტოვებს:

“არსებობს კითხვა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და ეს შეხვედრა პრინციპში არ უარყო არც აშშ-ის ელჩმა, არსებობს ლეგიტიმური კითხვა, რომ 3 საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის, ჩვენი დამოკიდებულება ომთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო ეს კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მას შემდგომ რაც ერთმა მხარემაც და მეორემაც დაადასტურეს, რომ შეხვედრა შედგა და ეს ემთხვევა უკვე ომის მდგომარეობას, ბუნებრივია, ამ დროს საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში ან მანამდე ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო და ამ კითხვებზე კარგი იქნებოდა ეპასუხა”, – ამბობს მაჭარაშვილი.

“გირჩის” დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ ელჩის სჯერა, რადგან არ ჰგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად ხდებოდეს:

“ივანიშვილს რაც უნდა გაეკეთებინა, ასე მარტივად საქართველო ომში არ ჩაერთვებოდა. ამას მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან არაფერი იყო გაკეთებული. არ მჯერა, რომ მართლა ელჩი მივიდა ივანიშვილთან და სთხოვდა ომის დაწყებას. მეორე მხრივ, ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს, ფაქტობრივად ამ ქვეყანას მართავს და მას რომ ელჩი ხვდება და უამრავი საკითხია განსახილველი, ამას მარტივად დავიჯერებ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, ეკონომიკური, ქველმოქმედების საკითხები და გარკვეული ურთიერთობები, რომელიც შესაძლოა, მათ აქვთ. არანორმალური იმაში, რომ ელჩი შეხვდა ივანიშვილს, ჩემთვის არ არის. საინტერესოა, ივანიშვილს რატომ დასჭირდა ამაზე საუბარი და იმ სამ დეპუტატს რატომ დასჭირდა ამ თემის წამოწევა. ძალიან არადამაჯერებლად გამოვიდა ეს ყველაფერი”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კელი დეგნანი: ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების საკითხის განხილვაზე

 

magti 5g