საქართველო-მოლდოვას შორის, შესაძლოა, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამთავრობო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გეორგე ლეუკამ ისაუბრეს.
როგორც „ფორტუნას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა იმსჯელეს მომავალი წლის დასაწყისში აღნიშნული კომისიის პირველი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე და ამავე კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში ერთობლივ ბიზნეს-ფორუმზე, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების გაცნობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობებზე და აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ მხრივ ურთიერთობების გააქტიურება და გაღრმავება. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფორმება ტურიზმისა და ასევე სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით, რომლებიც დამატებით ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
