დღეს, 27 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის სახელით წერილი, რომელშიც საუბარია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გადადგმული ნაბიჯების დადებითად შეფასებაზე, ქვეყნის “ომში ჩართვასა” და საქართველოს პარტნიორებზე.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეორე წერილი, რომელიც მისი სახელით პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გავრცელდა. პირველი გიორგი გახარიას შესახებ იყო.
ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს
წერილს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციურ სპექტრსა თუ მესამე სექტორში.
ეს წერილი არის რაღაცის დასაწყისი და შემდეგი მოქმედებები წინ გვაქვს, – ამბობს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ომის საფრთხეზე დაწყებული კამპანია რომ გააგრძელა, ეს გასაკვირი არ არის და სხვანაირად არც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს ივანიშვილის გარეშე დაგეგმა.
“ჩვენ გავიგეთ, რომ ივანიშვილი შეხვდა ამერიკის ელჩს, მაგრამ რაზე ილაპარაკა არ ვიცით, ისაუბრა ომის საფრთხეზე, მაგრამ პოზიცია არ ვიცით, დაველოდოთ სიუჟეტის გახსნას, რომელიც მისი შემდეგი წერილებით გაიხსნება.
არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არც არასდროს მეპარებოდა ეჭვი და არც არაფერი ახალი ამით არ გამიგია. უბრალოდ, იმ თამაშის გაგებას ვცდილობ, რომლის ნაწილიცაა ეს ყველაფერი. მთელი სურათი არის გაუგებარი და ეს პრობლემაა, მმართველობა ფორმალურია თუ არაფორმალური, ეს ვიცით და აქამდეც ვიცოდით”, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ ვინ არის ქვეყანაში ე.წ. ჩრდილოვანი მმართველი.
„დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი, მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ის არა მხოლოდ აქტიურად ერევა, არამედ შეიძლება ითქვას, წარმართავს კიდეც მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს წერილი არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ „ჩრდილოვანი მმართველობა“ დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ეს ფაქტობრივად დაადასტურა თავად ივანიშვილმა აღნიშნული წერილის გამოქვეყნებით. რატომ გადაწყვიტა მან ამ წერილის გამოქვეყნება, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, ის საკმაოდ შეშფოთებულია დღეს საკუთარი მდგომარეობით.
გუშინ დავბრუნდი აშშ-დან და მინდა გითხრათ, არავის აქვს არანაირი ილუზია ვაშინგტონში იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ივანიშვილის როლი დღეს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ივანიშვილთან იქნება მიმართული ყველა ის პრეტენზია, რა პრეტენზიებიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. იმ დაპირისპირების უკან, რომელშიც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად შევიდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის რეჟიმზე გადასვლის სახით, ბიძინა ივანიშვილი დგას“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ალუდა ღუდუშაური: "ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ხათუნა სამნიძის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის არც ერთი სიტყვის არ სჯერა.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზად არის „ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაყიდოს, თუკი, ეს მისი ფინანსების დასაცავად საჭირო იქნება“.
„ბიძინა ივანიშვილს ომის რიტორიკა არ გაუმეორებია, ბიძინა ივანიშვილმა ომის რიტორიკა შეუკვეთა და დღეს ეს დადასტურდა. ეს არის მისი დაკვეთით „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც ომის დაწყების დღიდან ცდილობს საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს და შიში გააღვივოს, რომ თურმე ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან, რომელთაგანაც პირიქით, ამ ქვეყნის უსაფრთხოებაა წლების მანძილზე უზრუნველყოფილი, ომის რიტორიკა მოდის. ამ წერილის მთავარი გზავნილი, მთავარი სულისკვეთება არის ბიძინა ივანიშვილის ქონების და ფინანსების დაცვა.
ის ამ წერილით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ევაჭრება და ულტიმატუმის ენით ესაუბრება. აქ არაფერ კავშირშია არც ერთი სხვა საკითხი, აქ არის მხოლოდ ვაჭრობა და ულტიმატუმის ენით საუბარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მას სჭირდება მისი ფინანსების უკან დაბრუნება. ის მზად არის სასწორზე დადოს ქვეყნის ინტერესები, როცა მისი ფინანსებია დასაცავი. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესში ის უკან არ დაიხევს, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს თავს დაესხას. მე არ მჯერა არც ერთი სიტყვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ წერილში აჟღერებს, მე მჯერა და ვხედავ იმას, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მზად არის, გაყიდოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თუ ეს საჭიროა მისი ფინანსების დასაცავად“, – განაცხადა სამნიძემ.
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხოჯევანიშვილმა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ პირადი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გამოტანა სწორი არ არის.
“მე ვთვლი, რომ პირადი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გამოტანა და გასაჯაროება არ არის სწორი გადაწყვეტილება. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების გადასაწყვეტია ვის აღიარებს და ვის არა. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ალბათ, ცოტა ხანში ყველასთვის ცნობილი გახდება ამერიკელების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – თქვა მან.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ომთან დაკავშირებით საუბარი ხალხის დაშინებას და ფოკუსის გადატანას ემსახურება”.
„ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე დისკუსიის მიზანია, ერთი მხრივ ფოკუსის გადატანა მნიშვნელოვანი საკითხიდან უმნიშვნელო საკითხზე, მეორე მხრივ კი დასავლელ პარტნიორებთან – ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭება. რაც არ უნდა თქვან, რომ ამას არ აკეთებენ, ისინი ამას აკეთებენ. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში.
როდესაც მმართველ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობა გაქვს, როგორ აპირებ ევროკავშირის სტატუსის მიღებას მაშინ, როდესაც არც რეფორმების გატარებას აპირებ. ეს არის რასაც აკეთებენ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. შედეგი ძალიან ცუდი იქნება. მთავარია, საზოგადოება ამ ყველაფერს არ ავყვეთ. ფოკუსირებულები ვიყოთ ევროკავშირის სტატუსზე“,- აცხადებს ეკა გიგაური.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, “ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო”.
„ივანიშვილის წერილებს აქვეყნებდნენ თავიანთი სახელით და გვარებით სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი. ეს არის აღვირახსნილი ანტიევროპული, ანტიამერიკული კამპანია, რომლის შუალედური მიზანია, საქართველო დასავლელი პარტნიორების გარეშე დატოვონ და შემდეგ ადვილი ნადავლი გახდეს რუსეთისთვის. ეს არის ბელარუსიზაციის პროექტი, კურთხევა მიცემული აქვს ივანიშვილს საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტზე.
მივმართავ კოლეგებს – ნუ მივეხმარებით „ქართულ ოცნებას“ ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფასადის შექმნაში. ივანიშვილმა ნათლად განაცხადა, რომ დასავლეთი ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი კი არაა, ომს აძალებს საქართველოს და მისი განადგურება უნდა. ვაფრთხილებ მოქალაქეებს, მინდა ამ საფრთხის განცდა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს – არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს, ისინი საქართველოს ბელარუსიზაციას უმზადებენ. ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, გრძელდება „ქართული ოცნების“ კამპანია იმის თაობაზე, რომ დასავლეთი, აშშ და ევროპა საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევას და “საქართველოში სისხლის გუბეების დაყენებას ცდილობდა”.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამას ადასტურებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილიც.
“ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც ადასტურებს იმ გზავნილს, რომ დასავლეთი, აშშ და ევროპა საქართველოს სჯის იმიტომ, რომ გაბედული, მამაცი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ომში ჩათრევა ვერ მოახერხა. ამ ფონზე, იმის განხილვა, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება, ყველაფერი არის შეუძლებელი, სანამ ეს კაცი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ქვეყანას მართავს“,- განაცხადა ბოკერიამ.
„მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილის შეფასებისას განაცხადა, რომ ივანიშვილი პასუხისმგებელი უნდა იყოს გადაწყვეტილებებზე, რომელიც მისი ჩართულობით მიიღება.
„წერილიდან ის გავიგე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართული არის პოლიტიკაში, ამიტომ ვთვლი და ვამბობ, რომ ის უნდა დაბრუნდეს ფორმალურად პოლიტიკაში. [ივანიშვილი] ქალბატონ დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც მერე ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ეს არის სწორი, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. ყველა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ის ჩართულია,“ – განაცხადა იოსელიანმა.
„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პრობლემა არ არის იმაში, რომ ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.
“მინიმუმ იმიტომ, რომ ელჩი მარტო პოლიტიკოსებს არ ხვდება და ახლა ბიძინა ივანიშვილი, სხვა თუ არაფერი, მილიარდერია და უამრავი მოტივი შეიძლება, ჰქონდეს ელჩს, რატომაც უნდა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს. ხოლო რაც ეხება მის განცხადებას, ამ განცხადებიდან საერთოდ არ იკვეთება, რომ რამე ცუდზე იყო საუბარი. თეორიულად, მართლაც სამეულის განცხადებები რომ გავითვალისწინოთ, შეიძლება, ასეთი მცდელობა იყოს, რომ შეიძლება, მართლა ამაზე ვილაპარაკოთ.
მე მგონია, რომ ამ სამეულის აქტივობა სპექტაკლია, რომ მთავარ თემებზე, პრობლემებზე არ ვილაპარაკოთ და ყურადღება იქნეს გადატანილი რაღაც ვირტუალურ საფრთხეზე. მიუხედავად იმისა, რომ სამი საათი ლაპარაკობდნენ ან ბიძინა ივანიშვილმა პირადად უნდა თქვას, რა თქვა ელჩმა, იყო თუ არა რამე მსგავსი ტიპის დისკუსია, ან ელჩმა უნდა თქვას რამე მსგავსი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც არ მგონია, რომ დამაჯერებელია ის ინტერპრეტაცია, მიუხედავად სამსაათიანი დისკუსიისა, რომ ეს მაინცდამაინც ომს ეხებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძის შეფასებით, “ბიძინა ივანიშვილს მარტო მაშინ გავახსენდით, როცა მილიონების გადარიცხვა დაუგვიანეს”.
„საქართველოში ადამიანი 5 ლარის გადასახადის გადახდას თუ დააგვიანებს, თუნდაც 1 დღით, შეიძლება გაყინვის საფრთხის წინაშე დადგეს – შუა ზამთარში დენსაც და გაზსაც გაუთიშავენ. ამ საფრთხის წინაშე ყოველ წელს ათასობით ადამიანია. აი, ასეთი ქვეყანა შექმნა ივანიშვილმა და თავად მარტო მაშინ გავახსენდით, როცა მილიონების გადარიცხვა დაუგვიანეს. დღეს ეს ქვეყანა არის მხოლოდ პატარა ჯგუფისთვის და ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა. გაიხსნეთ მისი თხოვნის ზარები 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რადგან ამ იარაღის მოხმობა დასჭირდათ, ეს ნიშნავს, რომ „ოცნებამაც“ იცის, რომ საინფორმაციო ომს აგებს,“ – განაცხადა დოლიძემ.
ამავე თემაზე:
“მეშჩანი” როგორ არის ქართულად?” – ჯაფარიძე ივანიშვილზე