თამბაქოს კონტროლის ახალმა რეგულაციებმა თამბაქოს რეალიზაცია 30-40%-ით შეამცირა, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის ანალიზის მიხედვით, ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოიკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებს შორისაა თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების საქმიანობაზე, თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა.
„თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების შეფასებით, მათი ბიზნესაქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40%-ით შემცირდა, რაც ძირითადად გადანაცვლებულია დაჭრილი თამბაქოს მიმართულებით, სადაც აქციზით დაბეგვრის გარეშეა შესაძლებელი თამბაქოს რეალიზაცია. შესაბამისად, ამ სექტორის წარმომადგენლები რეგულაციების შედეგების შეფასებას და შესაძლებლობების ფარგლებში გადახედვას ითხოვენ“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.