საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები მესამე მოსმენით განიხილეს.
პროექტის თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნული ბანკი განისაზღვრება.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია გადაეცა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა აღნიშნული ცვლილებების მოქმედება და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს.
კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრების მხრიდან რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.