„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მისი თქმით, ივერი მელაშვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა პროვოკაციაა და კონკრეტულმა ტელევიზიამ იგი დავით გარეჯშიც პროვოკაციისთვის გამოიყენა.
„სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, და მეორე მხრივ, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია.
მესამე – დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიას არ განეკუთვნება, ამ პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით გამოიყენონ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.