LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შადრევანი ახალი დიზაინით, განახლებული საჭადრაკე სივრცე და 200-წლოვანი ზეთისხილის ხე – ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

171
Untitled design (1)

შადრევანი ახალი დიზაინით, LED განათების სისტემა, განახლებული საჭადრაკე სივრცე და საპარკე სკამები – ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 919 053 ლარი დაიხარჯა.

“საბურთალოს გამგეობამ, ყველასთვის ცნობილი და საბურთალოელებისთვის საყვარელი ადგილის – ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი ახალი დიზაინით, LED განათების სისტემა, განახლდა საჭადრაკე სივრცე და განთავსდა საპარკე სკამები. გარდა ამისა, გრანიტისა და ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდა და მოეწყო სივრცე, სადაც ყვავილებს ჰყიდიდნენ.

როგორც ყველა სკვერში, აქაც განხორციელდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. მათ შორის, 200-წლოვანი ზეთისხილის ხე”, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, რეკრეაციული სივრცეების, პარკებისა და სკვერების მოწყობა-განახლების სამუშაოები მომდევნო ოთხ წელშიც აქტიურად გაგრძელდება:

“მიხარია, რომ გამგეობებიც ამ მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. მეტი მწვანე სივრცე შეიქმნება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გამოსწორდეს, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა კიდევ უფრო სუფთა ჰაერი ისუნთქონ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკევერები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ”, – თქვა დედაქალაქის მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g