პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რაც ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას შეეხება, არის სანქცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაზე მიდის.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთი მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის:
„სინამდვილეში, ეს საკითხი უკვე რამდენჯერმეა განხილული. გახსოვთ, შარშან მარტში ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული საკითხი, რომ ჩაკეტილიყო საზღვარი, საჰაერო სივრცე, შემოღებული ყოფილიყო ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რამდენჯერმე წამოწიეს ეს თემა. ყოველ ჯერზე ეს თემა იქნა განხილული, საზოგადოებამ ამას პასუხი გასცა.
რაც მთავარია, თავად ოპოზიციამ საბოლოო ჯამში აღიარა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რატომ?
ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, ასე შემდეგ, არის სანქცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან.
ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.
შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როდესაც აწესებ სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იქნება კონტრსანქციები, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ საფრთხე შეექმნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ყველას შევახსენოთ, რომ რუსეთის ჯარი იმყოფება დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.
გარდა ამისა, იცით, რომ ასევე დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე.
ასე რომ, ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ასე შემდეგ, ანუ ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.
მნიშვნელოვანია, რომ ვინც გვეუბნება, სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არავინ არ გვაძლევს უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.