LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „მიმდინარე პროტესტს არავითარი შინაარსი არ აქვს… ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება, ჩვენი გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული, გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“

152
შალვა პაპუაშვილი

„ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ძალადობრივი პროტესტის ხმაურში ჩაიკარგა ჩვენი ხალხის მთავარი გზავნილი, რომელსაც მოსახლეობამ არჩევნებზე მისცა ხმა: საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით. სწორედ ეს გზავნილი განასხვავებს ჩვენს საგარეო პოლიტიკას ოპოზიციის უშინაარსო, ყალბად ემოციური და ხმაურიანი კამპანიისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრის დროს თქვა, რომ მიმდინარე პროტესტს არავითარი შინაარსი არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციამ საუბარს ხმაური ამჯობინა:

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს ხალხს არ მოუსმენია არც ერთი შინაარსიანი გზავნილი, არც ერთი აზრიანი მოწოდება, არც ერთი გონიერი წინადადება იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპის ნაწილი ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ძალადობის ხმაურში ასევე ჩაიკარგა ევროპის პასუხი ჩვენს მოვლენებზე. როდესაც ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები დაჟინებით აშუქებდნენ ზოგიერთი მიკერძოებული ევროპელი პოლიტიკოსის პათეტიკურ მოწოდებებს, ევროპის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებისგან მომდინარე გზავნილები სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.

ვხედავთ, რომ არსებობს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებზე მოწყობილი, ევროპას შეფარებული ძალები და არსებობს ის ინსტიტუტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონიუნქტურას, ლაპარაკობენ სიმართლეს, იცავენ ჭეშმარიტების ფასეულობას. ჩვენ კი ვდგავართ არჩევანის წინაშე, რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? ევროპარლამენტის ზოგიერთი ოდიოზური დეპუტატის მიერ შედგენილი სიცრუით გაჟღენთილი რეზოლუციებისკენ, რომლითაც ხან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და ხან კეზერაშვილის გამართლებას, თუ ისეთი ინსტიტუციების გადაწყვეტილებებისაკენ, როგორიცაა ეუთო/ოდირის საარჩევნო დასკვნა ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი, ამჯერად კეზერაშვილის გასამტყუნებლად. სურათი ნათელია. ჩვენ ვირჩევთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ამოწმებს ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვირჩევთ შეფასებებს, რომლებიც მიუკერძოებლად კეთდება ეუთოს მისიის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენი ოპონენტები კი გმობენ ყველაფერს, სიმართლეს სიცრუედ გვასაღებენ, ნებისმიერ განზრახვას კი, რაც ქვეყანას ძირს გამოუთხრის, ვნებით უჭერენ მხარს.

მოხარული ვართ ქართველი ამომრჩევლის, რომლებმაც დაინახეს ჩვენი არჩევანი, გვენდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ამ ნდობას ჩვენ არ გავაცრუებთ. ჩვენ დღევანდელ დღემდე და მომავალშიც შევეცდებით დავანახოთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი სიმართლე, რათა მათ შეძლონ და შეადარონ იმ უმსგავსო და უპასუხისმგებლო საქციელს, რასაც სჩადის მათ მიერ არჩეული პარტიები. მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ.

მიმდინარე დღეებში ჩვენ ვხედავთ სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა. ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა. ვფიქრობთ, რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისთვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც.

მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენი გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული. მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „საქართველოში არჩევნები შედგა, ყველა პარტიამ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რაც მიიღო, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და ის იმსახურებს პატივისცემით, ღირსეულად და თანასწორად მოპყრობას“.

კახა კალაძე: „ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, ვინც გახდება ევროკავშირის წევრი ღირსებით და თავაწეულები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g