„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს სწევს“, – ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
2008 წლის ომის დაწყების თარიღზე საუბრის დროს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ და ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის ომზეც“.
„სინამდვილეში ეს მათთვის ჩვეულებრივი რიცხვებია, როგორც ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზეც მაშინ საქართველომ კონტროლი დაკარგა. ეს მათთვის მხოლოდ რიცხვებია, მეტი არაფერი და არანაირი განცდები ამ დღეების მიმართ არ აქვთ.
სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ, ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის ომზეც შეუძლიათ სპეკულირება. გუშინ აქ იყვნენ ამოსულები, დაუსვან საკუთარ თავს კითხვები: აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ? დღეს რომ ჭირისუფლები არიან ამოსულები და ისინი არა, ამაზე არ ფიქრობენ? ეს არის თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს“,- თქვა შალვა პაპუაშვილმა.