LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან… მათ ქართველი ხალხის მსახურებას, ალბათ, კონფერენციაზე დასწრება ამჯობინეს და იქიდან საქართველოს გმობა“

122
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა – ეს მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესიაა, რომლის ფარგლებში პლენარული სხდომები მხოლოდ სექტემბრის თვეში გაიმართება.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.

მიმდინარე კვირის სხდომებს არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: – „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე.

სესიის გახსნისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პლენარულ სხდომას ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

მისი განცხადებით, „პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან“:

„ჩვენ ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია გვაქვს. ყველას წარმატებულ სესიას გისურვებთ. თუმცა ვატყობთ, რომ დღეს დარბაზის ერთი ნაწილი ძალიან ხალვათადაა წარმოდგენილი. მიმდინარე კვირას სკოლაც დაიწყო და ალბათ, იქაც არის სიის ამოკითხვა, „არას“ დაწერა, თუ ვინმე არ ესწრება. ბოიკოტზე რამდენიმე წერილი შემოვიდა და მინდა გაგაცნოთ: ფრაქცია „ქართული ოცნება“ ესწრება; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – არა; პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ -არა; პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ – არა; პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“ – არა; პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ – არა; პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – არა; პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ – არა; პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – არის; პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ – არის; პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – არის. საერთო ჯამში, ესეც მანიშნებელია. დიდი ალბათობით, კოლეგები რომელიღაც კონფერენციაზე არიან, უცხოელებთან ერთად. მათ ქართველი ხალხის მსახურებას, ალბათ, კონფერენციაზე დასწრება ამჯობინეს და იქიდან საქართველოს გმობა, ქართველი ხალხის გმობა ამ კონფერენციის ტრიბუნის გამოყენებით. რამდენიმე კვირაში საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან. მადლობა ყველას, ვინც ესწრებით“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები