„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის ინფორმაციით, ბოლო 15 თვის განმავლობაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, მათი რაოდენობა 192 962-ს შეადგენს.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა ყველა რეგიონშია გაზრდილი.
„თბილისში – 11 340-ით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
თუმცა საარსებო შემწეობის ოდენობა (მაქსიმუმ 60 ლარია, ბავშვების შემთხვევაში დამატებით 50 ლარი, საიდანაც რიგ მუნიციპალიტეტებში 30 ლარი კვების ბარათზე ირიცხება) ვერ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს. საკვებ პროდუქტზე არსებული ფასების ზრდა განსაკუთრებით მძიმედ სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე აისახება.
აუცილებელია, მთავრობამ იზრუნოს ამ მიმართულებით და დღის წესრიგში დადგეს ე.წ. „ახალი ღარიბების“ საჭიროებების შესწავლაც და ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგას,” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
თბილისში 12 431 ბავშვი უფასო სასადილოს საკვებით იკვებება: თეონა ჭალიძე