LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დაავადება ვლინდება გამონაყრის და ზოგჯერ სახსრების ანთების სახით…ბოლო თვეებში მკვეთრად მოიმატა შემთხვევებმა” – რა ინფორმაციას გვიზიარებს ინფექციონისტი

865
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პარვოვირუსის შესახებ წერს და საზოგადოებას ინფორმაციას აცნობს.

,,ბოლო თვეებში მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსის შემთხვევებმა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ამ დაავადებას მეხუთე დაავადებასაც უწოდებენ, რადგან ისტორიულად ის იყო მეხუთე გამონაყრით მიმდინარე ექვს დაავადებას შორის, რასაც ჩვენში ჯერ კიდევ „ბატონებს“ უწოდებენ. ეს გამონაყრით მიმდინარე ინფექცია ხშირად არადიაგნოსტირებული რჩება. ზოგჯერ არასწორად კვალიფიცირდება, როგორც ალერგიული გამონაყარი და ასეთი პაციენტები არასწორ და უშედეგო მკურნალობას იღებენ.

როგორ გადაეცემა პარვოვირუსი?
ვირუსი წვეთებით გადამდებია (როგორც, მაგალითად, გრიპის ვირუსი და კორონავირუსი). ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. პაციენტი განსაკუთრებით გადამდებია გამონაყრის გაჩენამდე რამდენიმე დღე.

სიმპტომები დაავადება ვლინდება გამონაყრის და ზოგჯერ სახსრების ანთების სახით (სახსრების ტკივილი, შეშუპება). ასევე შეიძლება ახასიათებს სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, გულისრევის შეგრძნება და სურდო. ზოგჯერ ვლინდება მკვეთრად გამოხატული წითელი ფერის გამონაყარი უპირატესად ლოყებზე. ბავშვებში ასეთ გამონაყარს „გალაწუნებულ ლოყას“ ამსგავსებენ. გამონაყარი ტანზე და კიდურებზეც ვრცელდება და ხშირად თან ახლავს ქავილი.

პარვოვირუსული ინფექცია იშვიათად შეიძლება მიმდინარეობდეს არატიპიურად და, მაგალითად, იასამნისფერი ლაქოვანი, მტკივნეული გამონაყარი განვითარდეს მხოლოდ ხელებზე და ფეხებზე („ხელთათმანების და წინდების“ სინდრომსაც უწოდებენ).
შესაძლებელია სრულიად უსიმპტომო მიმდინარეობაც. ასეთი ადამიანების სისხლში ლაბორატორიული კვლევით ვლინდება ანტისხეულები და ხშირად არც იციან, რომ გადატანილი ქონიათ ეს ინფექცია.

გართულებები შესაძლო გართულებებია მიოკარდიტი, ვასკულიტი, გლომერულონეფრიტი ან ენცეფალიტი.
ორსულის ინფიცირებას შესაძლებელია ნაყოფის მძიმე დაზიანება და წყალმანკის განვითარება მოყვეს, რაც შესაძლებელია ნაყოფის დაღუპვით დასრულდეს (შემთხვევათა 2-6%-ში). დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი მერყეობს 25-50%-ის ფარგლებში. ყველაზე კრიტიკული ასაკი ნაყოფის დაზინების კუთხით ორსულობის მე-13-16 კვირაა.
განსაკუთრებით საყურადღებო გართულებაა მძიმე ანემია. ამ დროს აღინიშნება სიფერმკრთალე, ძლიერი დაღლილობა და ანემიისათვის დამახასიათებელი ლაბორატორიული ცვლილებები.

დიაგნოსტიკა სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM და IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში. IgM ანტისხეულები ჩნდება ინფიცირებიდან 10-12 დღეში, ხოლო IgG ანტისხეულები – 2 კვირის შემდეგ. IgM ანტისხეულები ორგანიზმში რჩება რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო IgG ანტისხეულები – მთელი ცხოვრების მანძილზე.

მკურნალობა პარვოვირუსის სამკურნალო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ტემპერატურის მომატების ან სახსრების ტკივილის დროს გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი და სხვ.). ასპირინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ქავილის შემთხვევაში გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები.
პარვოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს”, – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g