LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარული, გაზაფხული, სიმსუბუქე, ყველაფერი ერთად არის… იმედი მაქვს, სიმღერა მოიპოვებს მსმენელის სიყვარულს“ – თეა ჯინორია და ნინა ჩხეიძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

177
თეა-ჯინორია,-ნინა-ჩხეიძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თეა ჯინორია და ნინა ჩხეიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „აპრილს“ პრემიერა შედგა.

ნინა, მოგვიყევით თქვენს მუსიკალურ კარიერაზე.

ნინა: დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი, საფორტეპიანო განყოფილება. შემდეგ, დავამთავრე კონსერვატორია. დღეს, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი. ბავშვობიდან ვმღერი. ჩემი განვლილი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ მომიწია სხვადასხვა კომპოზიტორების შემოქმედებით საღამოებზე მღერა.

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

თეა: ჩვენი თანამშრომლობა ძალიან უცნაურად დაიწყო. ნინა არის ჩემი მეუღლის კლასელი, რომელსაც არ ვიცნობდი. მას ერთ-ერთ შეხვედრაზე შევხვდი და სრულიად აღვფრთოვანდი მისი შესრულებით, მისი მანერით. ძალიან პროფესიონალურად მღერის, ძალიან საინტერესო ფრაზირება აქვს. იმ შეხვედრაზე დაიბადა იდეა, რომ რაიმე სიმღერა გამეკეთებინა ნინასთვის. პირველი სიმღერა „ნუ გამირბიხარ“, რომელიც ნინას შევთავაზე, დედას ლექსზეა და ორმაგად მიყვარს.

ნინა: თეამ მითხრა, ცხელ-ცხელი სიმღერაა, ნახე, როგორ მოგეწონება და როგორ შეიგრძნობო. რა თქმა უნდა, აღვფრთოვანდი. სიმღერა, რომელიც დღეს მოგიტანეთ, ჩვენი რიგით მეორე ნამუშევარია. ახლა, უკვე მესამე სიმღერაზე ვმუშაობთ.

თეა საოცრად ნიჭიერი, საოცრად კეთილშობილი ადამიანია. ის ძალიან ფართო მასშტაბების კომპოზიტორია.

თეა, თქვენს შემოქმედებაში რა სიახლეებია, რაიმე პროექტზე ხომ არ მუშაობთ?

თეა: დიდი ხანია, თავში მიტრიალებს იდეა, რომ უკვე დროა, ხალხმა ერთიანად ნახოს ახალი სიმღერები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გამოვიდა. დაახლოებით, 2017 წელს მქონდა შემოქმედებითი საღამო. დიდი პაუზა გამომივიდა, ამიტომ ძალიან მინდა, წარვადგინო ის სიმღერები, რაც 2017 წლის მერე შეიქმნა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „აპრილს“.

თეა: ეს ნინას იდეაა, მან თავის საახლობლოში მოიძია ლექსი. კომპოზიტორისთვის ყოველთვის უფრო საინტერესოა ლექსზე მუშაობა. ლექსი გამზადებული ემოციაა და მე აქედან ამოვდივარ.

ნინა: ლექსი უნიჭიერეს ქალბატონს, თეა კვაჭაძეს ეკუთვნის. არანჟირების ავტორი მიშა ვაწაძეა. იმედი მაქვს, სიმღერა მოიპოვებს მსმენელის სიყვარულს.

თეა: სიყვარული, გაზაფხული, სიმსუბუქე, ყველაფერი ერთად არის ამ სიმღერაში.

ნინა ჩხეიძე – აპრილს

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თეა ჯინორია & ნინა ჩხეიძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები