LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტები კორონას მართავენ: 1 844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა

167
BeFunky-collage - 2020-11-02T130651.133

კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აქვე განმარტებულია, რომ გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.

სტუდენტთა გადამზადების პროგრამა გაგრძელდება. სამინისტროს ცნობით, გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ტრენერები

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო პროგრამა – „Covid-19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის. აღნიშნული კონტიგენტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტები ადგენენ იმ სტუდენტთა სიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ჩაირიცხონ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზაში.

ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას.

კურსის ვიდეომასალა განთავსებულია ბმულზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტორიზებული უნივერსტიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელი სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი” – განმარტავენ განათლების სამინისტროში.