აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების განსაახლებლად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია „სინოჰიდრო“-ს წარმომადგენელმა, ჰე პენმა მოაწერეს.
აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მშენებლობა, საერთო ჯამში 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 21 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს მოიცავს.
“ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება.”- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. თბილისდან-რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წუთით შემცირდება, გზის გამტარუნარიანობა კი 4-ჯერ გაიზრდება, გზა საერთაშორისო და უსაფრთხოების სტრანდარტების დაცვით შენდება.
პროექტს, მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.