თბილისში 30 მარტს, 20:00 საათზე, ცნობილი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა გაიხსნება.
გალერეის გახსნის ღონისძიებას ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება, მუსიკალურად კი გააფორმებს პიანისტი დინი ვირსალაძე, რომელიც საკუთარ კომპოზიციებს შეასრულებს.
როგორც მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნავს, გალერეის პრეზენტაცია სიმბოლურად, მეუღლის – თემურ ბადრიაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია.
რუსუდან ფეტვიაშვილის მუდმივმოქმედ სამხატვრო გალერეაში ნამუშევრები ორ სართულზე იქნება განლაგებული.
გალერეის პირველ სართულზე დამთვალიერებელი იხილავს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ ნამუშევრებს და მხატვრის უახლეს ნამუშევარს.
გალერეის მეორე სართულზე კი ძველი ნამუშევრები განთავსდება – ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა პარიზის სახელოსნოდან საქართველოში ჩამოიტანა.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება რუსუდან ფეტვიაშვილის და მისი ძმის – მოქანდაკე დიმა ფეტვიაშვილის საერთო ნამუშევრები, რომლებიც ხეზეა შესრულებული. ამასთან გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი იხილავს დიმა ფეტვიაშვილის კიდევ რამდენიმე ქანდაკებას.
დამთვალიერებელი გამოფენაზე ასევე იხილავს აბრეშუმის თავშლებზე დატანილ ნახატებსაც, რომელსაც დიზაინერი სალომე ფეტვიაშვილი უძღვება.
საგამოფენო სივრცეში განთავსდება „ვილეროი და ბოხის“ რამდენიმე ნიმუშიც.