ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებასა და გამამართლებელი განაჩენის შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ არაერთგვაროვან შეფასებებს ჟურნალისტი და მთაგრმნელი, თეა გვასალია ეხმაურება სოციალურ ქსელში.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმეში, ასე გადაჭრით და ხელაღებით ან ერთის უდანაშაულობის როგორ გჯერათ, ან მეორის ბრალეულობის? რომელმა თქვენგანმა იცის დანამდვილებით, რა ხდებოდა მათ შორის?
რეალური სურათი არც მე ვიცი, მაგრამ ის ჩანაწერები, რაც ფბ-ზე ტრიალებს, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ ბასილაშვილის აღარც ერთ თამაშს არ ვუყურო, დოროყაშვილის მსგავსებს კი ვურჩევ, არასდროს დარჩეთ ცხოვრებაში თქვენი გარეგნობის და სხვისი ფულის იმედად.
როგორ მინდა, ყველა ქალს ეყოს გამბედაობა და განათლება, ძალადობის პირველივე გამოვლენისას გაეცალოს მოძალადეს, განაცხადოს პოლიციაში, სადაც კი არ დასცინებენ, დაიცავენ მოძალადისგან და მისგან შორს, საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში დარწმუნებულმა გააგრძელოს ცხოვრება.
თუ ვინმე მძულს ცხოვრებაში, მოძალადე კაცებია, მაგრამ სხვის ფულებზე დაგეშილი, თავცარიელი გოგოებიც რომ ძნელი ასატანია!“, – წერს თეა გვასალია.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მან გუშინ, 21 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადების დროს თქვა, რომ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.