„ტესლა“ ტეხასსა და ბერლინში გახსნილი ახალი ქარხნების გამო მილიარდობით დოლარს კარგავს. ილონ მასკის თქმით, ამხელა ზარალის მიზეზი აკუმულატორების დეფიციტი და საჭირო დეტალების სიმცირეა, რაც ჩინეთში კორონავირუსის მორიგ აფეთქებას უკავშირდება. ამ ქარხნების მუშაობას დიდი ხარჯი სჭირდება, წარმოების დაბალი მაჩვენებლის გამო კი სასურველი შედეგის მიღება თითქმის შეუძლებელია.
მილიარდერმა ისიც დააზუსტა, რომ გახსნის დღიდან დღემდე ორივე ქარხანა ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა გამოშვებული ელექტრომობილების რაოდენობა გაზარდოს. მაგალითად ბერლინის „გიგაფაბრიკამ“ კვირაში 1000 მანქანის გამოშვება მხოლოდ 20 ივნისისთვის შეძლო, არადა გეგმის მიხედვით ასეთი შედეგი აპრილისთვის უნდა ჰქონოდა.
შანხაიში მასშტაბური საგაზაფხულო ლოკდაუნები „ტესლასთვის“ სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. ხანგრძლივი პაუზის გამო ჩინეთში გაყიდვების მაჩვენებელიც მკვეთრადაა შემცირებული.