LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ცხრა წლის შემდეგ Tesla Semi-ის სერიული წარმოება დაიწყო

107
1428x1428

ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ელექტრო სატვირთო ავტომობილის – Tesla Semi-ის სერიული წარმოება ოფიციალურად დაიწყო. წარმოება ახალ ქარხანაში მიმდინარეობს, რომელიც სპარკსში, ნევადას შტატში მდებარეობს. საწარმოს ფართობი დაახლოებით 160 ათასი კვადრატული მეტრია და წლიურად 50 ათასამდე სატვირთოს გამოშვებას ითვალისწინებს.

პირველი სერიული Tesla Semi უკვე ჩამოვიდა კონვეიერიდან. სრულმასშტაბიანი წარმოების დაწყება თითქმის ცხრა წლის შემდეგ მოხდა, მოდელის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გაიმართა. ამ პერიოდის განმავლობაში სატვირთო შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა და სატესტო რეჟიმში გამოიყენებოდა მსხვილ კომპანიებში, მათ შორის PepsiCo, DHL, Walmart და US Foods.

კომპანიის ინფორმაციით, განახლებული ვერსია გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და გადამუშავებულ წინა ნაწილს ფლობს – ვიწრო LED-ოპტიკით. ასევე ოპტიმიზებულია ენერგოეფექტურობა: ენერგომოხმარება შემცირებულია 1.7 კილოვატ/საათამდე ერთ მილზე, რაც დაახლოებით 15%-ით უკეთესი მაჩვენებელია წინა ვერსიასთან შედარებით.

Tesla Semi აღჭურვილია სამი ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 800 კვტ-ს (1000 ცხენის ძალაზე მეტი) აღწევს. სატვირთოს შეუძლია 100 კმ/სთ-მდე აჩქარება დაახლოებით 5 წამში და მისი სვლის მაქსიმალური მარაგი 500 მილს (800 კმ-ზე მეტი) აღწევს. ბატარეის ზუსტი მოცულობა ოფიციალურად არ საჯაროვდება, თუმცა სწრაფი დამუხტვა 30 წუთში დაახლოებით 60%-მდე აღდგენას უზრუნველყოფს.

მოდელის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია მძღოლის ცენტრალური პოზიცია და საჭის ორივე მხარეს განთავსებული ორი 15 დუიმიანი ეკრანი, რომლებიც გზის კონტროლსა და „ბრმა ზონების“ მონიტორინგს უწყობს ხელს. სატვირთოში ასევე გამოყენებულია Tesla-ს ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა.

მედიის ინფორმაციით, Tesla Semi ორ ვერსიაში გამოვა: Standard Range – დაახლოებით 500 კმ სვლის მარაგით და 260 ათასი დოლარის ფასით, და Long Range – 810 კმ-მდე სვლის მარაგით, რომლის ღირებულება დაახლოებით 290 ათასი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები