LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია ბენდის, საკუთარი კაფეს და იმ მიზნების შესახებ, რომლისკენაც მიდის: „ნინას ახლა ყველაზე რთული ასაკი აქვს, ბოლომდე ვუდგავარ გვერდში…“

166
თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურიამ ახლახან მეგობართან, ირინა ბაირამაშვილთან ერთად ბენდი ჩამოაყალიბა, რომელსაც ძირითადად, ქართულენოვანი პროგრამა აქვს. კულინარიული მისწრაფებები კიდევ უფრო გააძლიერა და საკუთარ კაფეს არემონტებს, ყველაფერს თავისი ძალებით აკეთებს, ქალიშვილთან, 13 წლის ნინასთან კი ცდილობს, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს და თავისი „მეს“ ძიების პროცესში ხელი შეუწყოს…

თიკა, შენ და ირინა ბაირამაშვილმა ბენდი გააკეთეთ. რამდენი ხანია, საკუთარ ბენდზე ოცნებობ…

ახლახან მოვნათლე ირინას მესამე შვილი, ერთად ვიმღერეთ ნათლობაზე და გადავწყვიტეთ, ერთად მოგვეხერხებინა ბენდის გაკეთება, რადგან ორივეს ძალიან გვინდოდა. აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთნაირად გვინდოდა ბენდის გაკეთება, ქართულენოვანი რეპერტუარით. ძალიან ბევრი ვიწვალეთ მუსიკოსების შეკვრაზე, მაგრამ გაგვიმართლა.

რა რეპერტუარი გაქვთ და როგორ გაუგეთ ერთმანეთს?

ჯერჯერობით ახალბედები ვართ, თუმცა რაც გავაკეთეთ, ძალიან მოგვწონს, ხმებიც უხდება, 60-80-იანების ძველი ქართული სიმღერების ახალი ვერსიები გვექნება, ასევე ჩემი და ირინას სიმღერებიც, საცეკვაო სტილში გაკეთებული. გვაქვს პროგრამაში უცხოური სიმღერებიც, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ვიმღერებთ თუ არა.

ვისი აზრი გაინტერესებდა ყველაზე მეტად, როდესაც ბენდის პირველი ნამუშევარი საჯაროდ გამოიტანეთ? მაყურებლის, კოლეგა მუსიკოსების?..

რა თქმა უნდა, ყველას აზრი მაინტერესებს. ხალხისთვის ვაკეთებთ ამას და არა ჩვენი გულის გასახარად, ამიტომ ხალხის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორ ემზადები საახალწლოდ, რა გეგმები გაქვს?

მიხარია, რომ ჩვენს ბენდს ასეთი დაინტერესება მოჰყვა. მთლიანად სამუშაო განწყობაზე ვარ. რა თქმა უნდა, ვიქნები ბენდით დაკავებული. ჩემი კაფეს ამბავიც ბოლოსკენ მიდის, „იუთუბზე“ ჩემი კულინარიული არხი კეთდება. კაფესთან დაკავშირებით ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი დამიდგა წინ, მაგრამ არა უშავს…

თუ წარმოიდგენდი, რომ კულინარიის მხრივ ისე განვითარდებოდი, რომ ერთ დღეს საკუთარ კაფეს გახსნიდი?

კი, ასე მეგონა, რადგან ჩემს ჩანაფიქრებს ყოველთვის ვასრულებ…

კაფეს საკითხების მოსაგვარებლად ვინმე თუ გიდგას გვერდში?

აბსოლუტურად ყველაფერს თავად ვაგვარებ, ამიტომ იწელება ასე ძალიან, ფინანსებიდან დაწყებული, ორგანიზება, მენიუ, შეფუთვები, მე გავაკეთე. ძალიან ვიღლები, მაგრამ ვიცი, მეორე დღეს რომ გავიღვიძებ, კარგ ხასიათზე ვიქნები და ყველაფერი საუკეთესოდ გამომივა.

რაც დრო გადის, შენი ოცნებები ხდება – აკეთებ საკუთარ კაფეს, შექმენი ბენდი, ჩადექი შენთვის სასურველ ფორმაში… რამე საოცნებო დარჩა?

კი, წინსვლა, უფრო დიდი გეგმები. მინდა, რაც ჩავიფიქრე, ყველაფერი გამოვიდეს და წარმატებას მივაღწიო. ახლა ჯერ კიდევ იმ გზაზე ვარ, რომელიც მიდის ჩემს მიზნებამდე და ოცნებებამდე. ბევრი გოგოსთვის სტიმული ვარ, მინდა ვაჩვენო, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, უამრავი ადამიანი მწერს ამას…

კონკრეტულად რას გწერენ?

ძალიან უნდათ, რომ ჩემსავით შეძლონ, გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ, ჩადგნენ ფორმაში. მეკითხებიან, რა არის ჩემი საიდუმლო. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი საიდუმლო აქვს – გვერდით უნდა გყავდეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენთვის კარგი უნდათ… ვისაც არ აქვს კარგი ენერგია, უნდა ჩამოიშოროთ, საყვარელი ადამიანი იქნება ეს თუ ვინც უნდა იყოს… ძველ საკუთარ თავს რომ შეხედავთ, ახლანდელი უნდა იყოს ისეთი, ვისზეც ოცნებობდით…

შენი ქალიშვილი და შენ დებივით გამოიყურებით. როგორია დედა-შვილობა, როცა ქალიშვილი თინეიჯერია?

სიმართლე გითხრათ, ახლა ნინას ასაკი ყველაზე რთულია, 13 წლისაა. აქამდე ყველაფერი აინტერესებდა, რასაც დედა ურჩევდა, ახლა იწყებს საკუთარი თავის ჩამოყალიბებას, ეძებს საკუთარ მე-ს, გვაქვს კამათი, მაგრამ ვიცი, რომ ასაკია ასეთი და ბოლომდე ვუდგავარ გვერდში, ამაზე ნერვები არ მეშლება (იღიმის). ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იპოვოს საკუთარი თავი, არ ვარ დედის ის კატეგორია, რომელიც შვილს ჩარჩოებში ჩასვამს. მინდა, მის მიზნებს ხელი შევუწყო და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვაპოვნინო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g