Toyota ახალი ფლაგმანური სუპერქარის, Toyota GR GT-ის გაყიდვების დაწყებისთვის უჩვეულო წესებს ამზადებს. მოდელის შეძენა მხოლოდ ფულზე არ იქნება დამოკიდებული – პოტენციურ მყიდველებს კომპანიის მხრიდან დამატებითი შემოწმების გავლაც მოუწევთ.
Gazoo Racing-ის ამერიკული განყოფილების ხელმძღვანელის, Jeff Bal-ის განცხადებით, ავტომობილის შეძენის პროცესი გარკვეულწილად გასაუბრებას დაემსგავსება. Toyota-ს სურს დარწმუნდეს, რომ GR GT იმ ადამიანების ხელში მოხვდება, რომლებიც ავტომობილს რეალურად გამოიყენებენ და არა მხოლოდ სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შესაქმნელად ან სწრაფი გადაყიდვის მიზნით იყიდიან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ შერჩევის კრიტერიუმები მხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობებს ან ცნობადობას არ შეეხება. მთავარი მიზანია, ავტომობილი მოხვდეს ენთუზიასტ და პასუხისმგებელ მფლობელებთან, რომლებიც ბრენდისა და მოდელის რეპუტაციას გაუფრთხილდებიან.
Toyota ასევე გეგმავს ზომების მიღებას გადამყიდველების წინააღმდეგ, რომლებიც იშვიათ მოდელებს შეძენისთანავე უფრო მაღალ ფასად ყიდიან. თუმცა კონკრეტულად რა მექანიზმებს გამოიყენებს კომპანია, ჯერჯერობით არ ხმაურდება.
იაპონიაში GR GT სპეციალიზებული Gazoo Racing-ის ქსელის მეშვეობით გაიყიდება, ხოლო აშშ-ში – Lexus-ის დილერების მეშვეობით. თითოეულ მყიდველს პერსონალური კონსულტანტი, ე.წ. GR Meister, ეყოლება, რომელიც არა მხოლოდ შეძენის პროცესში დაეხმარება, არამედ ავტომობილის ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გაუწევს მხარდაჭერას.
ახალი Toyota GR GT-ის გაყიდვები 2027 წელს დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მისი საწყისი ფასი ამერიკულ ბაზარზე დაახლოებით 225 ათასი დოლარი იქნება.